მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკანონო ქირურგიული მომსახურების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელს?

რეანიმაცია

2023 წელს კლინიკებისთვის ამოქმედებული ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაწესების შემდეგ, კლინიკებში უკანონო სამედიცინო საქმიანობის (ქირურგიული მომსახურება) სამი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთვის BMG-სთვის მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია.

უწყების ცნობით, 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული წესების თანახმად, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კლინიკებს უწყდებათ ან არ ეძლევათ აღნიშნული სერვისის მიწოდების უფლება. აღნიშნული არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. დაჯარიმება ხდება უკვე გაცემული სანებართვო პირობების დარღვევისა ან ნებართვის გარეშე - უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაში. გასული წლის 4 თვეში, სამინისტრომ 3 ასეთი ფაქტი გამოავლინა და თითოეული კლინიკა 20 000 ლარით დააჯარიმა. სამივე დარღვევა თბილისში ფიქსირდება.

რაც შეეხება რეანიმაციისა და ქირურგიის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენისას გამოვლენილ დარღვევებს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, - კლინიკებში, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ქირურგიისა და რეანიმაციის სტანდარტი, უმეტეს შემთხვევაში ვლინდებოდა შემდეგი ტიპის დარღვევები:

  • არ გააჩნდათ გამართულად მოფუნქციონირე სავენტილაციო სისტემა;
  • არ ფუნქციონირებდა სათავსებში წნევის საზომი ხელსაწყოები (მანომეტრები);
  • დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა;
  • არ იყო დაცული სასტერილიზაციო სათავსის მოწყობის წესი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ქირურგიული მომსახურების ნებართვა 114-მა კლინიკამ, ხოლო რეანიმაციული მომსახურების ნებართვა 115-მა კლინიკამ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები