მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პურის გაძვირების მოლოდინი არ გვაქვს“ - მალხაზ დოლიძე

63eb5055379f5
BM.GE
14.02.23 14:01
620
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, უახლოესი თვეების განმავლობაში პურის გაძვირების მოლოდინი არ არსებობს. ამ საკითხზე მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ზოგადად პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა არსებული მდგომარეობა იძლევა საფუძველს, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.

„დღეს ხვალ და რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება და პურის გაძვირების მოლოდინი არ გვაქვს. გასულ წელს თუ შევადარებთ, წელს მდგომარეობა ბევრად უკეთესია, რადგან ხორბლის მომარაგების და ადგილზე წარმოების მხრივაც ნორმალური მდგომარეობაა.

სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანას 3-4 თვის მარაგი აქვს. წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს, რადგან რუსეთიდან კვლავ შემოდის დაბალი ფასის ფქვილი და მეწარმეები ყოველთვის დაბალფასიან ნედლეულს ეძებენ.

თუ გასული წლის ფასს შევადარებთ, 1 ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70.5 ლარი იყო, დღევანდელი ფასით ქართული წისქვილის წარმოებული ფქვილის ღირებულება 60 ლარამდეა“, - განაცხადა დოლიძემ.

ასოციაციის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ პანდემიის შემდეგ პურის მწარმოებლებისთვის პურის წარმოება შეფუთვის ვალდებულების გამო გაზრდილია, მაღაზიებში კი პური მაღალი ფასნამატით იყიდება.

„სულ სხვაა ის ფასი, რომლითაც მწარმოებელი მაღაზიას პურს აწვდის და სულ სხვა ფასით ყიდის მაღაზია. წინათ არსებობდა ასეთი წესი, რომ მაღაზიისთვის მიწოდების შემდეგ პურს მხოლოდ ღირებულების 5% ემატებოდა. ახლა ასე არ არის. ვიცი შემთხვევები, როდესაც პურს 30-40-50 თეთრიც ემატება.

წარმოებიდან 500-გრამიანი პურის საშუალო გასაცემი ფასი 85 თეთრიდან იწყება და 1.20 ლარამდე იზრდება, და პური მაღაზიაში, მათ მიერ დამატებული ფასით იყიდება“, - განმარტა დოლიძემ.