მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის ავიასანქციების მიუხედავად, 11 თვეში რუსეთიდან ვიზიტები 4.9%-ით გაიზარდა

5de64a84bb574
თელარა გელანტია
03.12.19 15:43
1073
ე.წ. პუტინის ავიასანქციების პირობებში, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 82,029 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 10.9%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკურ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის ცნობითვე, მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 53,599 შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება 2019 წლის 11 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 1,406,255 შეადგინა, რაც +4.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,038,132 შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე +0.1%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში საქართველოში ტურისტების რიცხვი 10.3%-ით გაიზარდა, 11 თვეში კი, ჯამური ზრდა 6.3%-ია.

კერძოდ, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 670,122 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +12%-ით აღემატება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543,176 შეადგინა, რაც +11.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 338,831-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს +10.3%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ნოემბერს, ადმინისტრაციის ცნობით, 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს - 8,690,352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია.

ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,191,042 შეადგინა (ზრდა+6.6%), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,768,432 (ზრდა +6.3%).