მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქალაქში ვაქცინაციაზე ბილბორდი არ დამინახავს, წინასაარჩევნოდ კი აჭრელებულია” - ჯანდაცვის ექსპერტი

606ca93bcf28f
თამთა ჯიჯავაძე
06.04.21 23:40
673
ჯანდაცვის სპეციალისტი, ნინო მირზიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო. მისივე თქმით, ეს უკვე შესამჩნევია არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ევროპაში.
როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ მირზიკაშვილმა განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღიური მაჩვენებლები საქართველოში ძალიან საყურადღებოა და თუ ქვეყანა არ გაატარებს შესაბამის ზომებს, მესამე ლოქდაუნს თავიდან ვერ ავიცილებთ.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრული პოლიტიკა:

„მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს აღსრულება, მაქსიმალურად უნდა დაიცვან მოქალაქეებმა დისტანცია და ატარონ პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ტოტალურ ლოქდაუნს ვერ ავიცილებთ“.

ნინო მირზიკაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ.

„გუშინ IRI-ის მიერ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 39% უარს ამბობს ვაქცინაციაზე, 24% ამბობს რომ დაელოდება სიტუაციას და შემდეგ გადაწყვეტს. ეს კვლევა 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, რა დროსაც ვაქცინაცია არ იყო საქართველოში დაწყებული და არც ექთნის გარდაცვალების ფაქტი არ იყო დაფიქსირებული. ამიტომაც ციფრები უფრო გაუარესებული იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაცია. ჩვენ ვერ ვხედავთ დღეს კომუნიკაციას, იმისთვის რომ ამ 24%-მა ვაქცინაციაზე თანხმობა განაცხადოს. ქალაქში არ დამინახავს არცერთი ბილბორდი, რომელიც ვაქცინაციას ეხება, მაშინ როდესაც წინასაარჩევნოდ აჭრელებლია ქალაქი“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 592 ტესტი ჩატარდა. ინფიცირებულთა მაჩვენებელმა - 897-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 196-ით მოიმატა.