12.ოქტომბერი .2019 10:50

“ქართუ“ ინტერნეტიზაციაში $150 მლნ-ს აღარ დახარჯავს - პროექტი შეჩერებულია. ვინ დაიწყებს?

views 17211
უკან

საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა, რეალურად ამ დრომდე არ დაძრულა.

5 წლის თავზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტს „შეჩერებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამო, თავადაც უკმაყოფილოა. მინისტრი ირწმუნება, რომ უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც.

“საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების ტემპით უკმაყოფილოები ვართ. უკმაყოფილო ვარ მე - ეკონომიკის მინისტრი და რაც მთავარია, პრემიერმინისტრიცაა უკმაყოფილო; რაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა, პირველივე დღეებში პრემიერისგან მივიღეთ მკაფიო დავალება, რომ ყველა ასეთი გაჩერებული პროექტი, მათ შორის „ოუფენ ნეტი“ წინ წავწიოთ“, - განაცხადა თურნავამ გადაცემა „ანალიტიკაში“.

ცნობისთვის: 2014 წელს რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 წელიწადში, საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა, რომელსაც დღემდე ნინო ქუბინიძე ხელმძღვანელობს.

მაშინვე გაცხადდა, რომ პროექტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ფონდი“ დააფინანსებდა. საუბარი იყო 100 მლნ დოლარზე, თუმცა მოგვიანებით ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან სხვა რიცხვი დაასახელა.

„ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ამ თემაზე მქონდა მასთან შეხვედრა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან რეალურად ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, - ამბობდა ქუმსიშვილი 2015 წელს.

იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს უხდიდა მადლობას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძეც:

„საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში მაღალი ხარისხის და მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას ექნება. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება“, - აცხადებდა 2015 წელს ქაშიბაძე.

დღეს კი, ირკვევა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელიც ფაქტობრივად, „შეჩერებულია“, ფონდი „ქართუ“ არ აფინანსებს.

აღნიშნული მიმდინარე წლის მაისში bm.ge-ისთან „ქართუ ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდმარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მას შემდეგ, ალეტრანტიული დაფინანსების წყარო გაჩნდა, „ქართუ“ პროექტში აღარ მონაწილეობს. 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დონორი რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი არ იქნება, ეს გადაცემა „ანალიტიკაში“ ეკონომიკის მინისტრის მიერ ნათქვამი იმ სიტყვებიდანაც ჩანს, როცა თურნავამ აქცენტი კვლევების დაფინანსებაში „ქართუს“ როლზე გააკეთა.

„ქართუ ფონდი“, როგორც ყოველთვის ხდება, საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე როცაა საუბარი, მზად იყო, გვერდში დაგვდგომოდა და გარკვეული სერიოზული დაფინანსება უკვე გაწია და კვლევები შესრულდა „ქართუს“ დაფინანსებით, მაგრამ მიუხედავად ამ სრული მზადყოფნისა, ვფიქრობ, არაეფექტური მიდგომების და არეფექტური მენეჯმენტის გამო, აქ სხვადასხვა დონეზე ადგილი ჰქონდა მისმენეჯმენტს, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ეს პროექტი წინ წაწეულიყო. ოთხი თვის წინ დავიწყეთ მუშაობა მსოფლიო ბანკთან. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩემი გადმოსახედიდან ესაა სწრაფად და ეფექტურად გადასაწყვეტი საკითხი. შეფერხება აქ აღარ იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მზად იქნებიან, გამოაცხადონ როდის დაიწყებენ ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„ეს არის საკმაოდ რთული პროექტი. ჩამოყალიბებული ვართ მოდელზე, რა მოდელითაც უნდა წავიდეთ წინ ანუ რა მიმართულებით სჯობს ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ კერძო სექტორი, რადგან საქართველოში საკმაოდ კონკურენტუნარიანი საკომუნიკაციო სექტორი არსებობს და ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან კონკურენციაში არ შევიდეთ, არამედ შევავსოთ... პროექტი უმნიშვნელოვანესია. საუბარია 700-მდე დასახლებულ პუნქტზე, სოფელზე, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს ფართოზოლოვანი, ხარისხიანი ინტერნეტის პრობლემა. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ ეს სერვისი და იქ, სადაც კერძო სექტორს არ აქვს დიდი ინტერესი, ჩვენ - სახელმწიფომ მაკორექტირებელი როლი შევასრულოთ. ამიტომ ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ მათ შორის მსოფლიო ბანკთან. უახლოეს პერიოდში ვიქნებით მზად, რომ გამოვაცხადოთ, როდის ვიწყებთ მშენებლობას და რა მოდელით“, - ამბობს თურნავა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა პროექტის მთავარი დონორი მსოფლიო ბანკი. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის არანაირი თანხა გათვალისწინებული არაა.

“შეფერხება ამ პროექტში აღარ იქნება” , - პირობას დებს ნათია თურნავა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა