მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყრილობიდან ხდება ცნობილი, რომელზეც ივანიშვილი სიტყვით თავად გამოვიდა.
“ზუსტად 3 წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება, აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან ჩემი დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები.
ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან 1 წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე განცხადებით, იგი პარტიისთვის მთავარი მრჩეველი იქნება.