მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამედ მოსვლა პოლიტიკაში ანუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს? - ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან

ლელო

საფრთხის შიში, რომელსაც დიდი თვალები აქვს და ადამიანს გაუგონარ ნაბიჯებს ადგმევინებენ და გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები - ეს არის ის ორი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნდა და თან ახალი სტატუსით - პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, რისთვისაც წესდებაში ცვლილება შეიტანეს. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური თანამდებობები არ აინტერესებს, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ სურს.

- მეორედ მოსვლა გაგვიგია, მაგრამ მესამედ მოსვლა მაინც და მაინც - არა... ზუსტად ამაშია საქმე, რომ საქართველოში ბევრი გაუგონარი და აუხსნელი რაღაცები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მომიწია, მაინც ვერ დავდებ თავს იმაზე, რომ გავერკვიე, რა სურს მას; ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ სურს - ვფიქრობ, ამაში ყველა გავერკვიეთ, მაგრამ მას აქვს საფრთხეების გამძაფრებული განცდა; ამ ხიფათის დამზღვევ მექანიზმებად კი, წარმოედგინა სხვადასხვა პოსტზე დანიშნული კონკრეტული ადამიანები სამართალდამცავ უწყებებში, პარტიაში, უშიშროების სამსახურში და ა.შ. მაგრამ დრო და დრო, ახლა უკვე მესამედ, მას უჩნდება დასაბუთებული განცდა, რომ რაღაცები მისი კონტროლის მიღმაც მიდის... შიშს კი დიდი თვალები აქვს და ადამიანს ადგმევინებენ გაუგონარ ნაბიჯებს - ეს არის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მოტივაციის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი კი, უკავშირდება გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს. ბიძინა ივანიშვილმა დასავლური დემოკრატიული სამყაროსგან საკუთარი თავი ნაბიჯ-ნაბიჯ გარიყა და დააკავშირა რუსულ პოლიტიკას და რუსულ ხედვებს იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, მათ შორის კავკასია და საქართველო. განვლილი 1.5 წლის განმავლობაში ცალსახად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა ევროპასთან მეტი სიახლოვე; ის ცდილობდა, საკუთარი ამომრჩევლების ნაწილისთვის ეჩვენებინა, რომ რაღაცას აკეთებს ევროპასთან ინტეგრაციისთვის, მაგრამ გაცილებით მეტს აფუჭებდა იმისთვის, რომ ევროპელ პარტნიორებს ვერ გადაედგათ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროპაში მეტი ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა. ევროპამ დაინახა როგორც საქართველოს მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის განწყობა, ასევე ის, ევროპულ გზაზე მყარად მდგარი საქართველო ევროპის ინტერესებშიც არის; ეს არ შედიოდა „ოცნების“ ინტერესებში, ამიტომ მათ აერიათ გეგმები.

- თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მმართველმა ძალამ შეიფერა და საკუთარ დამსახურებადაც მიითვალა...

- ახლა იძულებულნი არიან მიიწერონ <დამსახურებად>, მაგრამ გვახსოვს, 2-3 წლის წინ რა გზას დაადგა „ქართული ოცნება“; „ოცნების“ რეალური პოლიტიკის გამხმოვანებელი იყო ის ახლადშემქნილი ჯგუფი <“ხალხის ძალა>, რომელიც თავისი ორგანიზმიდან გამოყვეს, მაგრამ ამავე დროს დატოვეს უმრავლესობაში და ეს ჯგუფი იყო კრემლზე უფრო მკაფიოდ ანტიევროპული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ევროპამ ქართველი ხალხის და ევროპის სასიკეთოდ გადადგა ნაბიჯი, როცა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა - ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი და არა დამსახურებაზე დაფუძნებული; ახლა „ქართული ოცნება“ იძულებულია, რაღაც გააკეთოს - გააგრძელოს კრემლიდან ნაკარნახევი ანტიევოპრული პოლიტიკა, მაგრამ თან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ, ამიტომ ბრიუსელშიც უნდა იარონ და რაღაც ვერ გამოდის, ამიტომ კარტები სერიოზულად აერიათ. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ მისი კონტროლიდან გადიან ვიღაც-ვიღაცები, ბიჭებს აბსოლუტურმა ძალაუფლებამ გაუღვივა რაღაცეები, თან საარჩევნო წელი მოდის და გადაწყვიტა, გადარჩენისთვის ახალი სქემა მოეფიქრებინა.

- თქვენთან ინტერვიუსთვის რომ ვემზადებოდი, რა თქმა უნდა, არქივს გადავხედე და „ნიუ იორკ ტაიმსში“ თქვენი სახელით გამოქვეყნებული სტატია შემომხვდა - მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყავით. “იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გააზრებულად, მეთოდურად და თანმიმდევრულად მისდევდა რუსეთის ინტერესებს, ან იბრძოდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად, უმწიფარი და შეცდომაში შემყვანია" - ამბობდით იმ სტატიაში. ეს იყო 2014 წელს...

- ნამდვილად ასე იყო 2014 წელს.

- როდის შეიცვალა ბიძინა ივანიშვილი თუ როცა ერთად იყავით, მაშინ ვერ ატყობდით...

- მესმის, რომ არის ასეთი ახსნაც... ამიტომ თავს არ და ვერ ვდებ ჭეშმარიტების მპყრობელობაზე; ჩემს აზრს სრული გულწრფელობით გეტყვით. 2014-2015 წლებში არ მქონდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თამაშობდა... ეს განცდა მაშინ არ ჰქონდათ არც ჩვენ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, რომლებმაც ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯეს ზუსტად ამ საკითხის გასარკვევად; მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ვიზიტები ევროპაში 3-4 დღე და ისეთ ვითარებაში ყოფნა, როდესაც ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ, ვის, რა და როგორ უნდა... მგონია, რომ მას ასეთი ამბავი დაემართა - რაღაცას წაეპოტინა და ვერ შეძლო; მას საქართველოს მამობა სურდა...

- ან ნიჭიერი პოლიტიკური მსახიობი იყო?

- მას სურდა ქვეყნის მამობა და არ გამოუვიდა. სად არის ჭარბი ნდობა? ჭარბი ნდობა რომ ჰქონდეს, მესამედ მიბრუნდებოდა?!

- იქნებ ჰგონია, რომ ამით გადაარჩენს მმართველ გუნდს?

- ადამიანს გადარჩენაზე რომ მიდგება ანუ არანაირი ჭარბი ნდობა არ გაქვს. შეიძლება, ჭარბი ფული გაქვს და ფიქრობ, ახლა როგორ მოიხმარო. ის, რაც ახლა პარტიის წესდებაში ჩაწერეს, ამას ჰქვია ერთი რამ - მას უნდოდა დემოკრატიული ნიღბით ყოფილიყო ის, რაც ახლა ჩაწერეს. წესდებაში ცვლილებით „ოცნებამ“ საქართველოში აიათოლას პოსტი შემოიღო. პარტიის საპატიო თავმჯდომარე მიწაზე კი დგას, მაგრამ სინამდვილეში არ დგას, ცოტა ზემოთ არის აწეული... საპატიო თავმჯდომარეს არაფერი ევალება და ამავდროულად ყველაფრის უფლება აქვს პარტიაში. ის <ბიძინა ივანიშვილი> არის პარტიის მთავარი საპატიო პოლიტიკური მრჩეველი - ეს ტერმინოლოგია მეზობელ ირანში და სხვა მსგავს ქვეყანაში შეგვიძლია ვნახოთ; ის არის ზეცასა და დედამიწას შორის მყოფი ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივი მოვლენაა. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, მაგრამ მისთვის <ბიძინა ივანიშვილისთვის> იქმნება საპატიო თავმჯდომარის პოსტი. რა თქმა უნდა, ვიცით, რაც არის საპატიო თავმჯდომარის ინსტიტუტი - განსაკუთრებული დამსახურებისთვის ადამიანს საპატიო როლი აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო როლი კი არა, ყველაფრის უფლება აქვს და პასუხისმგებლობა კი, არაფერზე არ გააჩნია.

- გუშინ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა. შეიძლება, ყოფილი პრემიერის პარტია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშს თამაშობდეს - ასეთი ვერსიაც გაჟღერდა პოლიტიკურ სპექტრში...

- გიორგი გახარია უფრო სალომე ზურაბიშვილისკენ აგორებს კოჭს...

- იქნებ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა სურს?.. გარდა ამისა, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებით, სწორედ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს პრემიერის კანდიდატურას...

- მას არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ამიტომ თუ პრემიერი გახდება და ხვალ შუქი ჩაქრა, მას მოვკითხავთ; თუ ფასები გაიზარდა - მას მოვკითხავთ და ა.შ. ამდენად, საპატიო თავმჯდომარეობა არის პასუხისმგებლობის აღებაზე სრულად უარის თქმა, მაგრამ ერთგვარი მექანიზმი იმ შიშების საპასუხოდ, ემანდ, ბიჭებმა მორიგ ჯერზე არ არიონ...

- ეს ძალა თუ მექანიზმი მას ხომ ისედაც ჰქონდა და მესამედ მოსვლა რაში დასჭირდა?

- მეორედ მოსვლის დროს არ ჰქონდა?! მაშინ რატომ მოვიდა?

- თქვენ რა პასუხი გაქვთ?

- ეს უკვე ცდება პოლიტიკური ანალიზის სფეროს; ამაზე შეიძლება სხვა დარგის სპეციალისტებმა უფრო კვალიფიციური ახსნა მოგცენ - რა ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ სამყარო მათზე დგას, მაგრამ ხიფათი გამოჩნდება და უსაზღვრო შიში ეუფლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები