მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მარწყვი სამეგრელოდან - აგრონომი კენკროვნების მუზეუმის გახსნას გეგმავს

607abc22e1bd9
მარიამ იზორია
17.04.21 17:24
2066
ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ფიფიას „სან ადნრეასის“ ჯიში მარწყვი სოფელ ცაიშში 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ამჟამად 1 კილოგრამი მარწყვი მიტანის სერვისით 7-10 ლარამდე ღირს.

როგორც აგრონომი bm.ge-სთან აღნიშნავს, სასათბურე მეურნეობა მცირე ფინანსებით 2012 წელს გააშენა და თავის ცოდნას დამწყებ აგრონომებსაც უზიარებს.

„ნანას მარწყვი“ სამეგრელოს გარდა, რეგიონებსა და თბილისში გაზრდილი იმპორტის მიუხედავად მარწყვზე მოთხოვნა არ მცირდება.

„თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვი უფრო იაფია, თუმცა მომხმარებელს ხარისხისა და გემოვნური თვისებების გათვალისწინებით, მეტის გადახდა უღირს, წინა წელს აღებული 3 ტონა მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე სრულიად რეალიზება შევძელით. რაც შეეხება ექსპორტს, ჩემი ოცნებაა, ყველამ გააშენოს მარწყვი და გვქონდეს ექსპორტზე გასატანი რაოდენობა. ახლა მოთხოვნიდან გამომდინარე, პროდუქტი არ გვრჩება“, - ყვება ფერმერი.

მისივე თქმით, პანდემიამ სათბურში მომუშავე ადამიანების რიცხვი 20-დან 2-მდე შეამცირა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მორიგი „ლოქდაუნი“ არ იქნება, ფერმერი სათბურს 4 000 კვ.მ-მდე გააფართოებს.

„გაფართოების გარდა ცაიშში კენკროვნების მუზეუმის გახსნას ვაპირებ; ეს იქნება ადგილი, სადაც თითოეული ჯიშის შესახებ ადამიანი ინფორმაციას მიიღებს - როგორ მოჰყავთ, სად არის სამშობლო და რითი გამოირჩევა ის. ყველა კენკრას თავისი ისტორია ექნება, ჩამოვიტან და გავაშენებ კიდეც ისეთ ჯიშებს, რომლებიც ქართული ბაზრისთვის და მოსახლეობისთვის ნაცნობი არ არის“, - ამბობს ფიფია.