მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი, რომელიც მოქალაქეებს ნარჩენების ბინიდან გატანას სთავაზობს

60630b9dbd075
თათია კაკიაშვილი
31.03.21 00:12
932

თბილისში ახალმა სტარტაპ კომპანია Pick up-მა დაიწყო ოპერირება. სტარტაპის საქმიანობა მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ორგანიზებაა. დაახლოებით ერთი თვეა, Pick up-ის სერვისით ჯერჯერობით თბილისის რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი სარგებლობს, თუმცა სამომავლოდ pick up-რუკის გაფართოება იგეგმება.

„დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გააიოლებდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს; მეორე მხრივ, იქნებოდა ეკომეგობრული და, ზოგადად, ისეთი საქმე, რომელიც შეამცირებდა პლასტიკის და სხვა ნარჩენების ზეგავლენას გარემოზე; ხოლო მესამე მხრივ, ჩვენი იდეა მოიაზრებდა, რომ ნარჩენების დახარისხების და სეპარირების პროცესი ოჯახებშივე დაგვეწყო“, - განაცხადა BMG-ისთან Pick Up-ის თანადამფუძნებელმა ამირან ანანიაშვილმა.

Pick up-ის ანალოგიური მოდელები როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის წამყვან ქვეყნებში წლებია არსებობს, თუმცა ქართული სტარტაპი ინოვატორი საკუთარი აპლიკაციის გამოა. სწორედ აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდნენ ის მომხმარებლები, რომლებსაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის pick up-ის მომსახურება სურთ. აპლიკაციაში მომხმარებელმა საკუთარი მისამართი უნდა დააფიქსიროს და დილის 9 საათამდე საცხოვრებელი ბინის წინ დადოს ნარჩენები, რომლებსაც მომდევნო ორი საათის განმავლობაში pick up-ერები გაიტანენ.

Pick up-ის სერვისით ჯერჯერობით 150 მომხმარებელი სარგებლობს, თუმცა სტარტაპის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება მეტად გაიაზრებს კომპანიის მიერ გაწეული საქმიანობის კომფორტულობას და მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება. სამომავლო გეგმებში შედის სტარტაპის სხვა რეგიონებში ოპერირებაც.

დასაქმების მხრივ, pick up-ი შშმ პირებთან კოლაბორაციასაც გეგმავს, რაც გულისხმობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს სტარტაპი უფასო მომსახურებას გაუწევს, ხოლო თავად შშ პირები კომპანიას პლასტიკის სეპარირებაში დაეხმარებიან.