მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში არ გვყავს „ანგელოზი ინვესტორები“ - გიორგი ჩუგოშვილის რჩევები სტარტაპერებს

647e0f206bc5b
თელარა გელანტია
05.06.23 23:00
1070
Phubber-ის თანადამფუძნებლის გიორგი ჩუგოშვილის შეფასებით, დღესდღეობით, საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) სტარტაპერებისთვის დაფინანსების მოზიდვის, ფაქტობრივად, ერთადერთი წყაროა.

ამის შესახებ ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „დღეს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორები“, ფაქტობრივად, არ გვყავს“.

„ანგელოზი ინვესტორი“ არის ინვესტორი, რომელიც ახალდაფუძნებულ, მცირე კომპანიაში, ე.წ. „Startup“-ში დებს ფულს.“ ანგელოზი ინვესტორები“ ინვესტიციების სანაცვლოდ, ძირითადად, კომპანიის მცირე წილს იღებენ.

„წერტილთან“ ინტერვიუში სტარტაპერმა GITA-ს გრანტების მნიშვნელობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და თქვა, რომ სახელმწიფო გრანტებს Phubber-ის ისტორიაში „სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა“.

წამყვანის კითხვას - რას ურჩევს Phubber-ის თანადამფუძნებელი სტარტაპერებს - გიორგი ჩუგოშვილმა ასე უპასუხა:

„საქართველოს უნდა შევხედოთ, როგორც პირველ ნაბიჯს ჩვენი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებისთვის, რადგან ვერცერთი პროდუქტი საქართველოში ვერ გახდება უნიქორნი ანუ სტარტაპი, რომლის ღირებულება 1 მლრდ დოლარია; ის უნდა გაცდეს საქართველოს ბაზრებს. უფრო კონკრეტულად კი, კითხვაზე - რას ვურჩევდი სტარტაპერებს, გააჩნია ასაკს: თუ 20 წლის სტარტაპერია, ვურჩევდი, ბევრი ისწავლოს, რადგან 20 წლის ადამიანებს უნდათ ბიზნესი აკეთონ, მაგრამ არ აქვთ მენეჯმენტის გამოცდილება, აკლიათ პროფესიონალიზმი კონკრეტულ ინდუსტრიაში და ა.შ. ხოლო ვინც პროფესიონალია, ის ფიქრობს - „ახლა ხომ არ დავიწყებ სტარტაპის ცდასო“; ამ კატეგორიას ვურჩევ და ვეტყოდი, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს პრობლემაა, რომელიც მოსაგვარებელია საქართველოში, რეგიონში და გლობალურადაც, ამიტომ თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფრო მაღალია ალბათობა, რომ 25-35 წლამდე გამოცდილი პროფესიონალი უფრო წარმატებულ სტარტაპს გააკეთებს, ვიდრე 19 ან 20 წლის ადამიანი, რადგან მას არ აქვს გამოცდილება. გლობალური სტატისტიკაც ისეთია, რომ 30 წელს ზემოთ უფრო წარმატებულ სტარტაპებს ქმნიან, ვიდრე ასაკით უფრო პატარები“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ის თანადამფუძნებლის თქმითვე, მართალია, საქართველოს „ანგელოზი ინვესტორები“ ნაკლებად არიან, თუმცა რეგიონში დიდი შესაძლებლობებია და „კარგ პროდუქტს“ ინვესტიციების მოზიდვა არ გაუჭირდება.

გიორგი ჩუგოშვილმა მაგალითად, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ვენჩურული ფონდები მოიყვანა, რომლებიც მისი თქმით, „კონცენტრირებულია განვითარებად ბაზრებზე“. „უბრალოდ უნდა იყოს კარგი პროდუქტი, კარგი გუნდი, კარგი ზრდა და შესაძლებელია, ინვესტორების მოზიდვა“, - დასძინა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები