მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანტების სახით მიღებული თანხა ბიუჯეტში გადასახადების სახით უკვე დავაბრუნეთ - Phubber

647a226e1ec09
თელარა გელანტია
03.06.23 16:47
1906
2022 წელს ქართული სტარტაპის Phubber-ის ბრუნვა 5 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გასული წლის შეჯამებისას და 2023 წლის პროგნოზებზე საუბრისას განაცხადა.

Phubber-ს დღეს 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი საქართველოდანაა.

„პირველ წელს, როცა ბაზარზე გამოჩნდა Phubber-ი, ჩვენი ბრუნვა, დაახლოებით, 400 000 ლარი იყო, შარშან - 5 მლნ ლარი. წელიწადში ათმაგი ზრდა, არაა ცუდი. წელს უფრო მეტს ველოდებით“, - თქვა მან.

გიორგი ჩუგოშვილს 2023 წელს ბრუნვის მკვეთრად ზრდის მოლოდინს ახალი ბაზრების ათვისება უჩენს. Phubber-ი მაისში სომხეთის ბაზარზე შევიდა, 6 ივნისიდან კი, აზერბაიჯანში ჩაეშვება. აღსანიშნია, რომ ბაქოში Phubber-ის შოუ რუმიც გაიხსნება.

ჯამში, ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპმა 1.5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია მოიზიდა.

„წერტილთან“ ინტერვიუში სტარტაპერმა GITA-ს გრანტების მნიშვნელობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და თქვა, რომ სახელმწიფო გრანტებს Phubber-ის ისტორიაში „სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა“.

„Phubber-ის 100 000-ლარიანი გრანტების კონკურსის გამარჯვებულია, ასევე, მიღებული გვაქვს 650 000-ლარიანი გრანტი, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით, იგივე თანხა უკვე დავუბრუნეთ საქართველოს ბიუჯეტს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების სახით.

ჩემი აზრით, ახლა ყველაზე კარგი დროა პროფესიონალების მიერ ამბიციური ტექნოლოგიური სტარტაპების დასაწყებად, რადგან ეკოსისტემა მორგებული სტარტაპების საჭიროებებს და სტარტაპს ეხმარება მივიდეს იქამდე, რომ მზად იყოს ინვესტორთან სასაუბროდ. ეს გრანტები არაა იმისთვის, რომ შენ ააშენო მრავალმილიონიანი კომპანია. ეს არის იმისთვის, რომ მიგიყვანოს იმ ეტაპამდე, რომ დადო პირველი პროდუქტი, დაანახო ინვესტორს შენი პოტენციალი და შემდეგ უკვე ის დაგელაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ ხარ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან. ამისთვის არის სახელმწიფო გრანტები“, - თქვა გიორგი ჩუგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები