მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ბიუჯეტიდან 6,9 მლნ ლარი ვერ აითვისა - აუდიტი

61fd79e68b534
თამთა ჯიჯავაძე
04.02.22 23:27
623
2019-2020 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 6,931,908 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს. ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის მიხედვით, ხაზინის მონაცემებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა 2019-2020 წლებში − 70,888,950 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 68,011,879 ლარი შეადგინა.

„შემოსულობებისა და გადასახდელების საკასო მაჩვენებლები მიუთითებს, რომ გამოუყენებელი რჩება ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი მნიშვნელოვანი თანხები, რომელმაც 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3,587,031 ლარი, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3,344,877 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2019 წლის ნაშთიდან გამოყენებულია მხოლოდ 242,154 ლარის რესურსი.

აღსანიშნავია, რომ წლიური საბიუჯეტო გეგმების შესრულების მაღალი მაჩვენებლებით წარმოსაჩენად, როგორც 2019, ისე 2020 წელს ბიუჯეტში შესული ცვლილებებით საბიუჯეტო გეგმები ფაქტობრივ ფისკალურ მონაცემებს მიესადაგა. მაგალითად, 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4,500,000 ლარით, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადი − 11,630,000 ლარით. 2020 წლის ნოემბერში ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა 700,000 ლარით და შეადგინა 3,800,000 ლარი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადი შემცირდა 1,702,700 ლარით და შეადგინა 9,927,300 ლარი.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გრანტების სახით მიღებული თანხების აუთვისებლობა. 2019 წელს 871,400 ლარის აუთვისებლობის ძირითადი მიზეზი იყო სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში არსებული ნაკლოვანებები, ხოლო 2020 წელს − ასევე COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები“, - წერს აუდიტი.

აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი მართვისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოებათა დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დაგეგმვას, ხოლო პროექტების განხორციელების შეფერხების/განუხორციელებლობის შემთხვევაში, მიზეზების დროულ იდენტიფიცირებას და რეაგირებას.