მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წლებში სახელფასო ხარჯები გაიზარდა - აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზები

61fd7f35a6e65
თამთა ჯიჯავაძე
04.02.22 23:49
723
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელფასო ხარჯები 2018 წელთან შედარებით 2019-2020 წლებში გაზრდილია. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 24.1%-ით, ხოლო 2020 წელს − 30.4%-ით.

როგორც აუდიტი წერს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯების ზრდა დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით, 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელების პირობებში, როდესაც არ ხდებოდა თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა ან/და შესრულებული სამუშაოს სხვა ფორმით დადასტურება.

„მუნიციპალური ორგანიზაციები, თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის მიზნით, 2019-2020 წლებში ასევე არ აწარმოებდნენ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის/სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელს, ხოლო ხელფასების დარიცხვა და გაცემა ხდებოდა მხოლოდ საშტატო განრიგისა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთანავე, ორგანიზაციებს დადოკუმენტირებული სახით არ აქვთ სამუშაო აღწერილობები, შრომითი ხელშეკრულებები კი შაბლონურია და არ იძლევა შესასრულებელი სამუშაოების იდენტიფიცირების შესაძლებლობას“, - წერია აუდიტის ანგარიშში, სადაც მაგალითად მოყვანილია ა(ა)იპ − ქობულეთის სოფლის წყალი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 131 თანამშრომელი.

„სამუშაო აღწერილობებისა და წერილობითი ფორმით შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია თითოეული დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობების იდენტიფიცირება. უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტებით, ჭაბურღილებზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის განსაზღვრულია 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი, რის გათვალისწინებითაც დაწესებულია დღეგამოშვებით მუშაობის გრაფიკი, თუმცა მოპოვებული ინფორმაციით, ზოგ ჭაბურღილზე დასაქმებულია სამი პირი, ხოლო სხვა შემთხვევაში − მხოლოდ ერთი პირი უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოების შესრულებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.