27.მარტი .2020 11:20

"2021 წელს მოდის საგარეო ვალის დაფარვის პიკი" - გოცირიძე ვალის გადავადების აუცილებლობაზე საუბრობს

views 180
უკან

2021 წელს მოდის საგარეო ვალის დაფარვის პიკი, ახლავე არის დასაწყები მუშაობა, რათა მისი რაც შეიძლება დიდი ნაწილი გადავადდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში Facebook-ზე წერს.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მისი გასტუმრება.

“კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მსოფლიოში წამყვანმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს დახმარება აღმოუჩინონ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ განვითარებად სახელმწიფოებს. ამ დახმარებას ჩვენც მივიღებთ. ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ეს. ამაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.

მხარდაჭერის პაკეტში არაა გამორიცხული, რომ მოხვდეს სახელმწიფო საგარეო ვალების ერთი ნაწილის გადავადება. სავალუტო ფონდიდან სესხის მიღება და ვალების გადავადება არის ყველაზე სწრაფი გზა მხარდაჭერის შესაძლო ვარიანტებიდან. დანარჩენს დასჭირდება დიდი დრო.

საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტით უწევს საგარეო ვალის დაფარვა 1,35 მილიარდი ლარის ოდენობით. აქედან თავი ფული არის 975 მილიონი ლარი, ხოლო პროცენტი 375 მილიონი ლარი. ლარის გაუფასურების გამო ვალის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. დოლარში უცვლელი დარჩება და იგი შეადგენს 455 მილიონ დოლარს.
საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს კრედიტორ საერთაშირისო ორგანიზაციებს, რომ მოხდეს ამ ვალების დაფარვის გრაფიკის შეცვლა (რესტრუქტურიზაცია). ეს გამოიწვევს დიდძალი თანხების დაზოგვას ბიუჯეტში და ეროვნული ბანკის რეზერვების შენარჩუნებას, რაც ასე გვჭირდება ლარის სტაბილიზაციისათვის.

2021 წელს მოდის საგარეო ვალის დაფარვის პიკი. იგი თითქმის ორჯერ მეტია წლევანდელთან შედარებით. შექმნილ ვითარებაში ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მისი გასტუმრება. ახლავე არის დასაწყები მუშაობა, რათა მისი რაც შეიძლება დიდი ნაწილი გადავადდეს“, - წერს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა