მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი წარმოების ავეჯი 60%-ით გაძვირდა" - ავეჯის კლასტერი

613c583bd585e
თათია ჩაფიჩაძე
11.09.21 19:22
1101
ადგილობრივი წარმოების ავეჯის წილი გაიზარდა. როგორც ქართული ავეჯის კლასტერის მენეჯრმა მარიამ ლეჟავამ bmg-თან საუბრისას განაცხადა, თუკი პანდემიამდე ქართულ წარმოებაზე საერთო ბრუნვის 25% მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 35-40%-მდეა გაზრდილი.
ზრდის ძირითადი მიზეზი ჩინეთიდან საქართველოსკენ საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების 300%-დან 500%-მდე ზრდაა, რამაც იმპორტირებულ ავეჯზე ფასები მნიშვნელოვნად დააკორექტირა.

ლოჯისტიკური ხარჯის გარდა პანდემიური შეზღუდვების გამო მსოფლიო ბაზარზე იზრდება ნედლეულის ფასიც, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს. მარიამ ლეჟავა ამბობს, რომ დოლარის კურსისა და ნედლეულის გაძვირების გამო, ფასი ადგილობრივ ნაწარმზეც 60%-მდეა მომატებული.

„პანდემიამდე ჩინეთიდან კონტეინერი თუ 1800 დოლარი ჯდებოდა, ახლა 8000- 10 000-მდე ჯდება, შესაბამისად დიდი ზომის საქონელი ვერ უძლებს ამ ფასნამატს. კონტეინერების გაძვირების ხარჯზე მოხდა ადგილობრივი პროდუქციის წილის ზრდა. საშუალოდ ავეჯის წლიური ბრუნვა 300 მლნ დოლარამდეა, აქედან 25% მოდიოდა ადგილობრივ წარმოებაზე, ეს მონაცემები პანდემიის ფონზე შეცვლილი და გაზრდილია დაახლეობით 10-15%-ით.

რაც შეეხება ნედლეულს, მისი იმპორტი უმეტესად დღეს ხდება ევროპიდან და აზიური ბაზრებიდან, მათ შორის იტალიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიიდან, არის ქართული ხის მასალაც. აქტიური იმპორტი ხორციელდებოდა თურქეთიდანაც, თუმცა თურქმა მწარმოებლებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ მათ არ ჰყოფნიდათ ნედლეული და რაღაც პერიოდი შეფერხდა მოწოდება, ოქტომბრიდან ველოდებით სიტუაციის დაბალანსებას და მარაგების შევსებას ამ ბაზრიდანაც.

ფასები რა თქმა უნდა გაიზარდა, მიზეზი ერთი მხრივ არის დოლარის კურსი და მეორე მხრივ ნედლეულის ღირებულების ზრდა. პანდემიის დაწყებამდე თუ სტანდარტული ლამინატის ე.წ. ლისტის ფასი იყო 130 ლარი, ახლა 215 ლარია. ანუ 80%-მდე მოიმატა ფასმა, სამაგიეროდ მოგვიწია მომსახურების ფასის დაკლება და საერთო ჯამში საშუალოდ 60%-ით არის გაძვირებული პროდუქცია“ - განაცხადა ხელოსნების ქალაქის აღმასრულებელმა დირექტორმა და ქართული ავეჯის კლასტერის მენეჯერმა მარიამ ლეჟავამ.