მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოვაჩინეთ სოლიდური კომპანიები, რომლებიც ამნისტიის სიაში ხვდებიან" - მამუკა ხაზარაძე

60d05a6d07f26
ინგა მურუსიძე
21.06.21 13:21
796
პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც დედაქალაქში სამშენებლო ნებართვის პირობების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიუღებელ მშენებლობებს ეხება.კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა საკომიტეტო მოსმენები გრძელდება.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისგან, მაია ბითაძისგან კანონდამრღვევი კომპანიების ვინაობა და კონკრეტული დარღვევების გასაჯაროვება მოითხოვა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რა ჩამკეტი მექანიზმი ექნება სახელმწიფოს იმისთვის, რომ კანონდამრღვევმა კომპანიებმა პატიების შემდეგ იგივე არ გაიმეორონ.

„გვაქვს კანონდამრღვევი კომპანიების დასახელება და ვიცით, რომ ისინი დაახლოებით 10 მილიონით დაჯარიმდნენ. ამ კომპანიებში აღმოვაჩინეთ საკმაოდ სოლიდური კომპანიები, რომლებიც ამნისტიის სიაში ხვდებიან. დაახლოებით 6-7 კომპანიაა, რომელსაც გადახდილი აქვთ 10-15 ათას ლარიანი ჯარიმა, ამავე დროს „ქართულ ოცნებას“ შესწირეს საკმაოდ სოლიდური თანხა და არ ჩანს რას ვპატიობთ ამ ხალხს.

მე მაინტერესებს, თუკი კომპანია 10 ათას ლარიან ჯარიმას იხდის, 60 ათას ლარს უხდის მმართველ პარტიას, მშენებლობას აგრძელებს, რა არის ის ამნისტია, რომელიც ამ კომპანიებს უნდა ეპატიოს? მაშინ ეს ძალიან დიდი რაღაც უნდა იყოს და თუ ეს არის 100 ათასის ფარგლებში, რატომ არ ვახდევინებთ ამ ხალხს 100 ათასს, ან რატომ არ ვასწორებინებთ დარღვევას? ხოლო თუ ეს არის მილიონების ფარგლებში, მაშინ საეჭვოა. ვის რას ვპატიობთ?

გარდა ამისა, მაინტერესებს, რა ჩამკეტი მექანიზმი გვექნება, რომ იგივე ეს მსხვილი კომპანიები, რომლებიც ბაზრიდან არ გამქრალან, ამნისტიის შემდეგ იგივეს არ გააგრძელებენ მომავალში? უნდა ჩაიდოს სადაზღვევო მექანიზმი, სადაც სახელმწიფოს არ ექნება ბერკეტი, რომ ვერავინ გაბედოს იგივე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, კანონპროექტის ინიციატორ მაია ბითაძის თქმით, არის სულ 12 ათასამდე ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა არის გაცემული, ხოლო 6 ათასზე არ არის გაცემული ექსპლოატაციაში მიღების აქტი.

„აქედან ბევრს არც მოუმართავს და არის ეჭვი, რომ არ მოუმართავს სწორედ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის პირობები აქვთ დარღვეული. რომელ კომპანიასაც შემოტანილი აქვს განაცხადი და ვერ ვიბარებთ ექსპლოატაციაში, მათი იდენტიფიცირება გაკეთებულია. მერწმუნეთ, დეველოპერების სიაში სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ შემომწირველებიც არიან. ისინიც, ვინც ადრე სხვა პარტიის შემომწირველი იყო, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის მის მიერ განხორციელებულ მშენებლობასთან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი განმარტებით, მომავალში ჩამკეტი მექანიზმი არის ის, რომ მსგავს დარღვევებზე ჯარიმების ნაცვლად შემოდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება ფინანსურ გარანტიებს, ამ მექანიზმის ამ ეტაპზე ვიყენებთ დაუმთავრებელ მშენებლობებთან მიმართებაში, თბილისსა და ბათუმში მშენებლობებს სწორედ განხორციელების პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უამრავი დერეგულაცია შემოვიდა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.