საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღება ფიზიკურ პირებს არ შეეხება. ამის შესახებ მან კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების კითხვების საპასუხოდ განუცხადა.
იმის გათვალისწინების მიუხედავად, რომ ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ, რადგან არ აპირებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდნენ და შესაბამისად, ბენეფიციარი მოქალაქეები მათი სხვადასხვა სერვისის და პროგრამის გარეშე დარჩებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ „რუსული კანონის“ მიღება ფიზიკურ პირებს არ შეეხება.
ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე: არასამთავრობო ორგანიზაციები ვმუშაობთ ასე - ქვეყანაში, როდესაც სხვადასხვა ჯგუფის უფლებები ილახება ან სხვა გამოწვევა აქვთ, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი პროგრამების ფარგლებში ასეთ ადამიანებს ეხმარებიან. სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, კულტურის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებები - არასამთავრობოები მრავალი მიმართულებით მუშაობენ. საიას მაგალითზე ვისაუბრებ, როგორც ვმუშაობთ - ჩვენ როცა ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებობს საზოგადოების დაკვეთა, რომ ადამიანების უფლებები იყოს დაცული, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ფონდებს მივმართავთ თხოვნით, ჩვენი იდეები დააფინანსოს და თუ დაგვაფინანსებენ, ვიწყებთ პროექტის განხორციელებას. ამ <რუსული კანონის> პირველი მუხლის მეორე ნაწილში წერია, რომ ეს რეგულაცია არ გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რადგან ეს კანონი შედეგობრივად გამოწვევს იმას, რაც მოხდა რუსეთში, როცა ბევრი ორგანიზაცია დაიხურა; ასე მოხდება საქართველოშიც. ჩვენ არ დავრეგისტრირდებით უცხოური ძალის ინეტერესების გამტარებელ ორგანიზაციად.... ფაქტობრივად, შევწყვეტთ საქმიანობას - ეს იქნება შედეგი და ამით ფიზიკური პირები დაზარალდებიან, ისინი ვინც ჩვენი სერვისებით სარგებლობენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში გიწერიათ, რომ ეს კანონი არ ეხებათ ქალებს, ბავშვებს და ესეც ტყუილია , რადგან ვერც ქალები და ვერც ბავშვები მიიღებენ იმ სერვისებს, რასაც ვაწვდით.
მაია ბითაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: უცხოური ინტერესების უშუალო კონტრაქტორი რომ იყოთ, პრობლემა რაშია?
ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე: თუ გინდათ, თქვენ დარეგისტრირდით... საია არ იქნება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია...
ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი: ბატონო მამუკა <მდინარაძე>, თუ არასამეწარმეო იურიდიულ პირს Erasmus-ის პროექტი მაქვს ევროკაშირისგან, რომელშიც სხვა ვერავინ დაკავდება გარდა სტუდენტისა და მეცნიერისა, ეს კანონი მათ არ ეხებათ?
ანრი ოხანაშილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: რა შუაშია Erasmus-ის პროექტი?
ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი: ბატონო ანრი, ბატონ მამუკას მაგალითი მოვუყვანე და გაიგო...
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: წარმოუდგენელი ამბავი გააკეთეთ ახლა... ამას თუ იკადრებდით არ მეგონა. ამ ლოგიკით ყველა ადამიანს ეხება, მაგრამ სინამდვილეში არ ეხება ფიზიკურ პირებს. არავის. ქალბატონმა ნონა <ქურდოვანიძემ> თქვა, ორგანიზაციებს თუ ეხება, იქ ხომ ხალხი მუშაობსო და მაშინ არ გავმიჯნოთ ფიზიკური და იურიდიული პირები, რადგან ფიზიკური პირები იურიდიულსაც ნიშნავს და პირიქით. ეს რა ლოგიკაა?! როგორ შეიძლება, ეს იკადრო იურისტმა ან რომელიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა?! ფიზიკურ პირებს არ ეხება-მეთქი და Erasmus-ი რა შუაშია?! მოკლედ, ფიზიკურ პირებს არ ეხება, არავის. იმ ორგანიზაციაში ვინ არის დასაქმებული, ვინ სწავლობს, ვინ რა პორგრამის ფინანსდება, რა შუაშია?! ფიზიკურ პირებს არ ეხება. <სტილი დაცულია>