მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამიტომ დავდივარ საქართველოში" - ო’ბრაიანი რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტის რისკებზე

6481ab264faae
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.23 15:15
1539
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო’ბრაიანმა Politico-ს მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთისთვის დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები განსაკუთრებულად მძიმე იყო, წლის მეორე ნახევარში გაჩნდა შემთხვევები, როდესაც მიკროჩიპები, მიკროსქემები და სხვა ელექტროტექნიკა, რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ამ მხრივ ო'ბრაიანმა პრობლემურად რამდენიმე ქვეყანა მოიხსენია, მათ შორის საქართველოც. პანელის მოდერატორის კითხვაზე პასუხისას კი, ო’ბრაიანმა დასძინა, რომ სწორედ ეს არის ის რისკები, რომელთა გამოც ის ვიზიტებს საქართველოში, ყაზახეთსა და სომხეთშიც მართავს.

ო'ბრაიანი: სანქციების დაწესებიდან ექვსი თვე რუსეთს არ ჰქონდა წვდომა ამ ელექტროსაქონელზე, რაც იარაღის დამზადებისთვის არის აუცილებელი. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათ არ შეეძლოთ ყოველ ღამით კიევის დაბომბვა, რადგანაც მათ არ შეეძლოთ ახალი იარაღის დამზადება. ეს არის სანქციების ნამდვილი და ხელშესახები შედეგი. ამას თუკი დავუმატებთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უკეთეს საჰაერო დაცვის სისტემებს, სწორედ ასე მოვიგებთ ომს.

ამის შემდეგ დავინახეთ რა, რომ დიდი შვიდეულის წევრებმა გააქტიურეს ამ საქონლის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი თურქეთს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს და ყაზახეთს. როდესაც ადგილზე ჩახვალთ და შეხედავთ ვითარებას, სურათი სხვანაირად ჩანს, რადგანაც მათთვის ეს იყო სწრაფი ფულის შოვნის შესაძლებლობა.

როდესაც თურქეთთან ამაზე დავიწყეთ საუბარი, მათ თქვეს, რომ ისინი აცნობიერებდნენ ამ პრობლემას, და იციან რომ მეორადი სანქციები შესაძლოა იყოს მიღებული.

მოდერატორი: რამდენად დიდია სანქციების თავიდან არიდების პრობლემა?

ო’ბრაიანი: ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ დავდივარ მე საქართველოში; ყაზახეთსა და სომხეთში. ამიტომ დადის ჩვენი გუნდი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში", - განაცხადა ო'ბრაიანმა.

ამჟამად ევროკავშირი მუშაობს რუსეთის სანქცირების მე-11 პაკეტზე, რომლის მთავარი ფოკუსიც სანქცირების გვერდის ავლის პრობლემასთან ბრძოლაა. ბრიუსელი მუშაობს კიდევ ერთ მექანიზმზე, რომელიც EU-ს საშუალებას მისცემს პოტენციური ზომები მიიღოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა.

BM.GE აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები