ამერიკის ხმის ინფორმაციით, აშშ-მა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციის პაკეტი შეიმუშავა, რაც ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქების კავშირს, საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას და საქართველოში რუსეთის სპეციალური სამსახურებიდან მიღებული დავალებების შესრულებას უკავშირდება.
„ამერიკის ხმას“ აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხი სენსიტიურობიდან გამომდინარე.
ამერიკის ხმის სტატიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება სწორედ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული სანქციების პაკეტით განხორციელდება. ამერიკის ხმას წყარო უყვება, რომ სანქციების იურიდიულ საფუძველს ქმნის აშშ-ის პრეზიდენტის 14024 აღმასრულებელი განკარგულება, რომელსაც “აქვს ფართო უფლებამოსილებები მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა”.
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, აწესებს სამართლებრივ საფუძველს, რათა სანქციები დაწესდეს იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოცირებულ საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.