მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის კონსორციუმის" იურისტი: არაფერი წინ არ უდგას მორიგებას

5f2290cd4ac34
ელენე გოგბერაშვილი
30.07.20 14:00
1176
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა, საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ორი სარჩელით კონსორციუმი და ინვესტორი პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნის ოდენობა კი 1 მლრდ დოლარს სცდება და შედგება კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან.

კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი "საერთაშორისო სავაჭრო პალატის" საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა,ხოლო ბობ მეიერმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, სარჩელი შეიტანა "საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში" საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

კონსორციუმი და ბობ მეიერი წარმოდგენილნი არიან გუნდით, რომელსაც Baker McKenzie-ის ლონდონის ოფისი და იურიდიული ფირმა BLC და იურისტი ქეთევან ქვარცხავა ხელმძღვანელობენ.

როგორც ქვარცხავა განმარტავს, კონსორციუმი და ინვესტორი საარბიტრაჟო სარჩელში არა პროექტში აღდგენას, არამედ თანხას ითხოვს, თუმცა არ გამოირიცხება, რომ პროცესი მორიგებით დასრულდეს.

„მოტივები, რაც ვიცით ან არ ვიცით, რაც მთავრობის გადაწყვეტილებების უკან დგას, არსად წასულა, შესაბამისად მოთხოვნა არის დაყენებული თანხობრივი, თუმცა არაფერი არ უდგას წინ მორიგებას. მორიგება როგორც სასმართლო დავებში, ისე არბიტრაჟებში არის გადაწყვეტის ერთ-ერთი ხშირი მექანიზმი. ასე რომ, შესაძლებელი არის ყველაფერი, თუმცა მოთხოვნა დგას თანხაზე“-აცხადებს ქვარცხავა.

კონსორციუმის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მათ და ინვესტორებმა ყველანაირ ძალისხმევას მიმართეს, რათა ეთანამშრომლათ მთავრობასთან შესაძლო გამოსავლის მოძებნის მიზნით, თუმცა, ყოველ ჯერზე მტკიცე უარი მიიღეს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თედ ჯონანსი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს კონსორციუმს დაიწყოს საარბიტრაჟო დავა და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის.

კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტში მათთვის ხელის შეშლის ერთ-ერთ მოტივად "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. კიდევ ერთი მოტივი მათი აზრით, ისაა, რომ ივანიშვილი და მმართველი პარტია მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის პორტის და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობამ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაუწყვიტა.