10.აგვისტო .2020 13:33

"აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი"

views 488
უკან

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

როგორც BAG-ის განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი. 

"სულ ახლახანს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საწვავის ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობისათვის საჯარიმო სანქციების გამკაცრების თაობაზე. იქვე ავღნიშნეთ, რომ აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად აღსრულება. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკოლოგიური გარემო არის უპირველესი საზრუნავი თითოეული ჩვენთაგანისათვის. პარლამენტის მიერ მიღებული ამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქვეყანაში უხარისხო საწვავის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისათვის წერტილის დასმაა და ამით - მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფაა. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილებების პარალელურად აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი მათი ფუნქციონირების ყოველდღიურ ციკლთან მიმართებაში. ამ კუთხით, გარემოზე ზემოქმედების ნიშნით, მნიშვნელოვანია სასუნთქი სარქველების არსებობის უზრუნველყოფა ნავთობპროდუქტებისათვის განკუთვნილ ყველა რეზერვუარზე. პრობლემაა ისიც, რომ ავტო-გასამართი სადგურებისგან განსხვავებით, ნავთობბაზების უმეტესობა წინა საუკუნეშია აშენებული და შესაბამისად, მათი ტექნოლოგიური სტრუქტურა ნამდვილად ტოვებს უკეთესის სურვილს. საწვავის მიღებისა და გაცემის ციკლის დროს ატმოსფეროში ანაქროლი აირების ერთადერთი შემაკავებელი - სწორედ სასუნთქი სარქველებია. სამწუხაროდ, დღეისათვის, სარქველების არსებობისა და მათი შესაბამისობის კუთხით არ ხორციელდება სრულფასოვანი მონიტორინგი და მხოლოდ მეწარმე-სუბიექტების კეთილ ნებაზეა მინდობილი ავტო-გასამართი სადგურების სასუნთქი სარქველებით აღჭურვა და ექსპლუატაცია. შესაბამისად, სურათიც არსებული მიდგომების ადეკვატურია: ნავთობკომპანიების ნაწილი იცავს ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ტექნიკური, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების პირობებს, ხოლო მეორე ნაწილი ამას სრულად უგულებელყოფს - რაც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც კი. თუკი გავიაზრებთ, რომ ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით ასობით ტონა ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია ხდება - ადვილი წარმოსადგენია იმ ანაქროლი აირების ოდენობა, რომლებიც სარქველების არქონის პირობებში პირდაპირ ხვდება ატმოსფეროში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს, შესაბამის უწყებებთან ერთად, პრობლემის განხილვასა და შემდგომ მონიტორინგს, რის შედეგსაც აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას",- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა