მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილების რეექსპორტში 25%-იანი ვარდნა გვაქვს" - რამდენად ჩანაცვლებადია უკრაინის ბაზარი?

6231ea52a15a8
ელენე გოგბერაშვილი
17.03.22 10:15
978
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოდან რამდენიმე ქვეყანაში ავტომობილების ექსპორტი შეჩერდა. გარდა იმისა, რომ ქართველი ექსპორტიორებისთვის სრულად ჩაიკეტა უკრაინის ბაზარი, კომპანიები ამბობენ, რომ საომარი ვითარების გამო შეჩერდა ექსპორტი მოლდოვასა და პოლონეთშიც.

გასული წლის მდგომარეობით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 456 მილიონ დოლარს გადააჭარბა, აქედან ქართული ბაზრისთვის მთავარი გასაღების ბაზარი აზერბაიჯანია (248 მლნ აშშ დოლარი), უკრაინას კი საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილი (88 მლნ აშშ დოლარი) უჭირავს.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს რთულად წარმოუდგენია, რომ კომპანიებმა უკრაინის $88- მილიონიანი ბაზრის ალტერნატივა დროულად მოიძიონ.

„ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში, მცირე ავტოიმპორტიორების 30%-მა ბაზარი დატოვა. 700 მლნ დოლარიდან ბაზარი 456 მილიონ დოლარამდე შემცირდა. აქედან მხოლოდ 88 მილიონი ეკავა უკრაინას, რომელიც მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის შემდგომ. ახლა ბიზნესი აზერბაიჯანის და ყაზახეთის ბაზრების იმედად რჩება.

უკრაინას ექსპორტში 20% ეკავა, ამ 20%-ის ჩანაცვლება მოკლე პერიოდში შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანი იმდენს გაიტანს, რამდენიც უნდოდა. ყაზახეთიც ასევე, თუმცა შეიძლება ეს ბაზარი ოდნავ მზარდი იყოს, მაგრამ $88-მილიონიანი ბაზრის ალტერნატივა მოიძებნოს რთულია.

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში განახევრდა ბაზარი, ძალიან გაუჭირდება ავტოიმპორტიორებს ალტერნატიული ბაზრის მოძებნა. იმედია, მოახერხებენ ბაზრის დივერსიფიცირებას, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ბაზრის ჩანაცვლება სრულად შეუძლებელია“, - აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.

"კავკასიის ავტოიმპორტი" საქართველოდან უკრაინაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. 2021 წელს კომპანიის გაყიდვების 20% -მდე სწორედ უკრაინაზე მოდიოდა. კერძოდ, გასულ წელს კომპანიამ უკრაინაში 2 600-მდე მანქანა გაყიდა, თუმცა ომის გამო ამ ეტაპზე ექსპორტი სრულად გაჩერებულია. როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი ამბობს, მანქანების რეექსპორტი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვასა და პოლონეთშიც გაჩერდა. კომპანიის გათვლებით, საერთო ჯამში რეექსპორტი უკვე შემცირდა 25%-ით.

„უკრაინის გარდა ქართული ბაზრის ძირითადი მომხმარებლები აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ქვეყნები არიან. ავტომობილები გადიოდა პოლონეთშიც და მოლდოვაშიც. ეს მიმართულებებიც განულებულია. ჩვენს ბაზარზე მოთხოვნა ისევ არის აზერბაიჯანიდან, რომელსაც ექსპორტში 30-35% უჭირავს. ასევე შესყიდვები ხდება ყაზახეთიდან. გვაქვს მოლაპარაკებები დასავლეთ აზიის ქვეყნებთან, თუმცა ეს არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი.

იმის გათვალისწინებით, რომ ექსპორტში უკრაინას 15-20% -მდე წილი ეკავა, დეფიციტი ბაზარზე აისახება. ამას დაემატა ის ქვეყნები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაშია. ესენია მოლდოვა, პოლონეთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით 25%-იანი ვარდნა გვაქვს რეექსპორტის ნაწილში“, - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.