საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან (რე)ექსპორტზე გასული ავტომობილების ღირებულებამ $112 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 7.4%-იანი ზრდა იყო. შესაბამისად, საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ავტომობილების რეექსპორტრმა, 33.1%-იანი წილით, პირველი ადგილი დაიკავა.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველო შეუერთდა სანქციებს, რომლის თანახმადაც, ქვეყნიდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის იანვარში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში $7 მლნ-ის ღირებულების ავტომობილები გავიდა. საექსპორტო ქვეყნების TOP სამეულში კი ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ხვდებიან.
როგორც “კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციული დირექტორი, ალექსანდრე ვეკუა “ანალიტიკაში” სტუმრობისას განმარტავს, ავტომობილების გარკვეული წილი ყაზახეთისა და ყირგიზეთის გავლით რუსეთში კვლავ ხვდება, თუმცა ამ ქვეყნებში შიდა მოთხოვნაც მაღალია.
“საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე არ ვაგზავნით ავტომობილებს, უფრო ყაზახეთი-ყირგიზეთის გზით შედის იქ მანქანები, თუმცა ძნელია ზუსტი ციფრების თქმა. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ავტომობილები, რომლებიც საქართველოდან ყაზახეთ-ყირგიზეთში გადის, ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ეს ჯამში 50 მილიონიანი ბაზარია, შიდა მოთხოვნაც ძალიან დიდი აქვთ ავტომობილებზე, მით უმეტეს, რომ პანდემიის შემდეგ ისინი რუსეთთან ვაჭრობდნენ და აქედან შემოჰყავდათ ავტომობილები. შესაბამისად, შიდა ბაზარზეც გაჩნდა მოთხოვნა და ავტომობილების დიდი წილი რჩება, რაღაც ნაწილი კი რუსეთში გადადის, თუმცა ძნელია თქმა, რა პროცენტი”, - აღნიშნავს ვეკუა.
კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ვეკუა აღნიშნავს, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში უნდა გაზარდოს მარკეტინგული აქტივობები.
“[ექსპორტის ზრდაზე] ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა შიდა მოთხოვნა ჩვენს მთავარ საექსპორტო ქვეყნებში იმხელაა, რომ პოტენციალი ცალსახად არსებობს. არ არის ისე, რომ საქართველოს ამ რეგიონში, როგორც საავტომობილო ჰაბს, მაღალი ცნობადობა ჰქონდეს. შესაბამისად, ეს მარკეტინგული მუშაობა და აქტივობები დამატებით მოთხოვნას გააჩენს, თუნდაც აზიის ქვეყნებში, რაც დიდი პერსპექტივაა სამომავლოდ.
ჩვენ მაინც რეგიონით ვარ შეზღუდულები. პოსტსაბჭოთა ქვეყნების, დსთ-ის ქვეყნების გარშემო ვტრიალებთ და ახალ ბაზრებზე გასვლა რთული იქნება, ვინაიდან ყველა რეგიონს უკვე აქვს თავისი საავტომობილო ჰაბი. მაგალითად, ემირატები ერთ-ერთი ჰაბია, საიდანაც მარაგდება ერაყი და სხვა გარშემო ქვეყნები. ჩვენს რეგიონში ეს საქართველოა და ამით ვართ შეზღუდულები. დივერსიფიცირებისთვის რაც შეგვიძლია, მეტი ინფორმირებულობა და მარკეტინგია, რაც რეგიონშივე გაზრდის ჩვენზე ცნობადობასა და მოთხოვნას, ალბათ ამ კუთხით უნდა წავიდეთ”, - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.