2024 წლის იანვარში საქართველოდან ავტოექსპორტის ზრდის ტემპმა 7.4% შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, პანდემიის შემდეგ უცხოეთიდან ქვეყანაში შემოსულ ავტომობილებზე კლების ტენდენცია პირველად დაფიქსირდა - ის 48.1%-ითაა შემცირებული. რა მდგომარეობაა საავტომობილო ბაზარზე და რამ გამოიწვია ავტოიმპორტის შემცირება - ამ საკითხებზე “ანალიტიკას” ეთერში “კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციული დირექტორი, ალექსანდრე ვეკუა საუბრობს.
“რეექსპორტის მიმართულებით ზრდა გვაქვს, თუმცა ტემპი შენელებულია. ეს არის 7%-იანი ზრდა, TOP-3 რეექსპორტიორი ქვეყანა კი კვლავ ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. მართალია, პანდემიის შემდგომ ექსპორტის ზრდის ძალიან მაღალი ტენდენცია გვქონდა და ამის ფონზე ეს ციფრი დაბალია, თუმცა 7%-იანი ზრდა, ცალსახად, მაინც ზრდა არის და ეს ტენდენცია დადებითია.
რაც შეეხება იმპორტს, ჩვენ ერთგვარი საავტომობილო ჰაბი ვართ, ავტომობილები შეერთებული შტატებიდან ნედლეულის სახით, დაზიანებულ მდგომარეობაში შემოგვყავს, შემდეგ საქართველოში ხდება მათი გადამუშავება და რეექსპორტი. ამ მთლიან პროცესს, ყიდვიდან რეალიზაციამდე, 4-5 თვე სჭირდება. როდესაც 2022-2023 წლებში იმპორტის ზრდის მაღალი ტემპი გვქონდა, შესყიდვებიც ავტომატურად გაიზარდა აშშ-ში, ხოლო იმ დროის გამო, რაც ავტომობილების ტრანსპორტირებას დასჭირდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მანქანები დაგროვდა და საავტომობილო პრეფიციტი გვქონდა. დღეს ეს გამოწვევა დგას, ბაზარზე ჭარბი რაოდენობით ავტომობილები გვაქვს, თუმცა გაზაფხული-ზაფხულისკენ, შესაძლოა დეფიციტიც გვქონდეს”, - განმარტავს ვეკუა.
მისი განმარტებით, სამომავლო ტენდენციების პროგნოზირება რთულია და ბაზრის მოთხოვნაზეა დამოკიდებული, გაიზრდება თუ არა იმპორტი უახლოეს თვეებში.
“იმპორტის კლება ბაზრის ბუნებრივი რეაქციაა, როგორც კი იზრდება მოთხოვნა, იმატებს იმპორტიც, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ დრო იყოს კარგად შერჩეული: თუ გაყიდვების ტენდენცია მაღალია, ამ დროს რომ მოხდეს იმპორტის ზრდაც, თუმცა შტატებიდან აქამდე ჩამოსვლას რახან დრო სჭირდება, ამ ბიზნესში ხშირადაა მომენტები, როდესაც მოთხოვნა მიწოდებას არ ემთხვევა. ახლა გაყიდვები სტაბილურია, გაზაფხული-ზაფხულისკენ, შესაძლოა, დეფიციტი გვქონდეს”, - ამბობს ვეკუა.
ალექსანდრე ვეკუას თქმით, მიუხედავად ბაზრის არასტაბილურობისა, მიმდინარე წელს რყევები არ შეინიშნება და ნავარაუდებია, რომ 2024 წელი 2023-ზე უკეთესი იქნება ავტოიმპორტიორთათვის.