მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა ექნება ტრამპის ტარიფებს საქართველოში ავტოინდუსტრიაზე? - სექტორის შეფასება

ავტოიმპორტი

"ტარიფები იმდენად პრობლემა არ არის, რამდენადაც ცვალებადი მოლოდინები ბიზნესისთვის" - ასე აფასებს "საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესების გავლენას ქართულ ბაზარზე.

ავტოინდუსტრიის ცვლილებებსა და გამოწვევებზე "საქმიანი დილას" ეთერში ალექსი ნონიაძემ და დავით ბარამიძემ, Auto Market Logistic-ის დამფუძნებელმა ისაუბრეს.

"ტრამპის გადაწყვეტილებამ ნეგატიური მოლოდინები შექმნა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი ტარიფები, შემდეგ 1 თვით გადასწია ამოქმედება, ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გადაავადა... შესაბამისად, პრობლემა იმდენად ტარიფები არ არის, რამდენადაც ცვალებადი მოლოდინები ბიზნესისთვის. არ იციან, როგორ მოერგონ, როგორ მოიქცნენ და ა.შ.

მით უმეტეს, რომ ტრამპმა განცხადებებში ამერიკელ ავტომწარმოებლებს უთხრა, რომ გაქვთ ერთი თვე იმისთვის, რომ დააბრუნოთ წარმოება ამერიკაშიო - ეს შეუძლებელია, ფანტასტიკის სფეროა. ვფიქრობ, ამ განცხადებებს ანალიტიკური საფუძვლები არ აქვს, ეს წინასწარ გაკეთებული განცხადებებია, რომლებიც, ადრე თუ გვიან, შეიცვლება და იმედი მაქვს, ამ ბიზნესსაც არ ექნება მნიშვნელოვანი რყევები," - ამბობს ალექსი ნონიაძე.

ლოგისტიკური კომპანიის დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ქართულ ავტოიმპორტში მნიშვნელოვანი წილი სწორედ შეერთებული შტატებიდან მოდის, აშშ-ში ტარიფების ზრდა საქართველოში ამერიკულ მანქანებზე მოთხოვნას შეამცირებს, ღირებულებას კი გაზრდის.

"თუ ავტომობილზე ტარიფები გაიზრდება, ფაქტია, რომ რაღაც პერიოდში, აშშ-დან ავტომობილების გამოყვანა შემცირდება. ჩვენთან, ევროპაში მოსული ავტომობილის ფასი ბაზარზე მოიმატებს. ტარიფები ერთ თვეში რომ შევიდეს ძალაში, ერთ თვეშივე შეიძლება გაიზარდოს ფასი, ეკონომიკური შოკია. ხალხი მიხვდება, რომ მანქანები ძველ ფასად ვერ შემოვა ბაზარზე.

თუმცა ეს მატება მეორად და დამტვრეულ ავტომობილებზე, ალბათ, უფრო ნაკლებად შეინიშნება და 25%-ის ნაცვლად, ფასები 5-10%-ით გაიზრდება. ამას დაემატება ტრანსპორტირების ფასის ზრდაც და, საბოლოო ჯამში, 15-20%-იანი ზრდა შეიძლება მივიღოთ", - ამბობს დავით ბარამიძე.

იმ ფონზე, რომ საქართველოს ეკონომიკაში ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ალექსი ნონიაძის შეფასებით, შესაძლოა, გაძვირების შემთხვევაში, ცენტრალური აზიიდან მოთხოვნა შემცირდეს.

"როდესაც გაიზრდება თვითღირებულება - გაიზრდება ფასიც, მათ შორის რეექსპორტისაც. საქართველოშიც და ცენტრალურ აზიაშიც, შესაძლოა, ახალი ავტომობილი ფუფუნების საგანი იყოს, მაგრამ მეორადი ავტომობილი უკვე გადაადგილების საშუალებაა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და ყაზახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არაა მაღალშემოსავლიანი, ფასების ზრდა მოთხოვნაზე იქონიებს გავლენას", - განმარტავს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამერიკულ ავტომობილებზე ფასის ზრდა ქართველ ავტოიმპორტიორებს ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობისკენ უბიძგებს.

"ფასები თუ გაიზარდა, ერთადერთი რაც მოხდება ისაა, რომ უბრალოდ ხელი გაეხსნებათ ჩინეთიდან და ევროპიდან შემოყვანილ მანქანებს, რომელთა გარკვეული მოდელებიც საკმაოდ მოსწონს ხალხს. ევროპას უბრალოდ რაოდენობრივად ცოტა აქვს, ვერ გვეყოფა, ჩინეთს უფრო აქვს ამის საშუალება. უფრო მეტი ჩინური ავტომობილი შემოვა საქართველოში და მეტად გაეცნობა ხალხი. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერ ჩაანაცვლებს ამერიკულს, მაგრამ კარგი დრო მიეცემა ბაზარს [ალტერნატივის] შესაცნობად", - აღნიშნავს დავით ბარამიძე.

დონალდ ტრამპმა "სავაჭრო ომი" ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა, გასულ თვეს კი კანადასა და მექსიკას ავტოიმპორტზე 25%-იანი გადასახადი დაუწესა. თვის დასაწყისში კი ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ეს საგადასახადო შეღავათი ერთი თვით გადაავადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები