20.მაისი .2022 14:16

"აზერბაიჯანს საქართველოს გაზით და ელექტროენერგიით მომარაგების რესურსი აქვს“

"აზერბაიჯანს საქართველოს გაზით და ელექტროენერგიით მომარაგების რესურსი აქვს“
views 1292
უკან

„აზერბაიჯანს საქართველოს გაზით და ელექტროენერგიით მომარაგების რესურსი აქვს“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ დღეს გამართულ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

EUGBC-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და აზერბაიჯანული ბიზნეს გაერთიანება „კასპიის ენერგო კლუბს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებას შეუწყობს ხელს.

ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას უფრო მეტი პერსპექტივა აქვს. მან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით 5 სექტორი გამოყო - ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და გამოფენების ორგანიზება.

„აზერბაიჯანთან საკმაოდ აქტიური ბრუნვა გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია რომ ეს ბრუნვა უფრო მაღალი უნდა იყოს. აზერბაიჯანს საქართველოს გაზით და ელეტროენერგიით მომარაგების რესურსები აქვს. ამიტომ აზერბაიჯანთან ბიზნეს წრეებისა და სამთავრობო დონეზე მუდმივი და აქტიური თანამშრომლობაა საჭირო, რათა ჩვენ დამოუკიდებლობის ყველაზე მთავარი ენერგო თემატიკა განვავითაროთ. შედეგად უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით და უფრო ძლიერად წარვდგებით პარტნიორებთან“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

EUGBC-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ამ მიმართულებით სამთავრობო სექტორის მეტი აქტივობაა საჭირო.

„რა თქმა უნდა, პროცესებში სამთავრობო სექტორი ჩართულია, თუმცა ვთვლი, ეს არასაკმარისია, რადგან ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა EUGBC-ის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი-საქართველოს და აზერბაიჯანულ ბიზნეს გაერთიანება Caspian Energy Club-ს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ენერგო მოთამაშეა.

შეხვედრაზე, დაახლოებით, 25-მდე აზერბაიჯანული კომპანია იყო წარმოდგენილი. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

ზვიად ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში გამართული ბიზნეს ფორუმი 29 ივნისს ბაქოში დაგეგმილი ბიზნესკონფერენციით გაგრძელდება, რომელშიც 45-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილებას. აზერბაიჯანიდან კი 100-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა