08.ოქტომბერი .2020 12:18

"ბანკები მზად არიან" - მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხები კიდევ ერთხელ გადაიხედება

views 605
უკან

მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა ბანკებთან, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, მიმართვის შემთხვევაში მცირე და საოჯახო სასტუმროების კონკრეტული საქმეები ინდივიდუალურად განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება კიდევ უფრო მეტად გავაფართოვეთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ საოჯახო სასტუმროებს უდგათ ძალიან დიდი პრობლემა. ადგილობრივი ტურიზმის გახსნის და დაშვების წყალობით მეტ-ნაკლებად ჩატარდა ზაფხულის სეზონი, გარკვეული შვება მიანიჭა ამან ჩვენს ტურიზმს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, პანდემია გრძელდება და მათ კვლავ აქვთ პრობლემები.

გუშინ გვქონდა შეხვედრა წამყვან ბანკებთან, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგჯერ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა თითოეული კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით რესტრუქტურიზაცია განახორციელონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.