მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ბიუროკრატიაა" - ევროპული ბიზნეს ასოციაცია

624d57674631f
გიორგი თოლორდავა
06.04.22 13:20
859
დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად შეხვედრას მართავენ. მონაწილეები ისაუბრებენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და ბიზნეს სექტორს ექნება შესაძლებლობა, რომ დიალოგის ფორმატში განიხილოს მიმდინარე საჭიროებები და გამოწვევები.

საქმიანი შეხვედრის დაწყებამდე ევროპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ჯონ ბრაეკველდტმა განაცხადა, რომ ქართული ბიზნეს სექტორი წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუროკრატიაა.

„დღეს გაიმართება დიალოგი, სადაც ბიზნეს სექტორი საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრებს. ასევე, გავიგებთ ეკონომიკის მინისტრისა და მისი მოადგილის პოზიციებს, რათა ბიზნესის გასაუმჯობესებლად ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის ერთიანი გზები.

ერთი მარტივი მაგალითი, რომელსაც ვიტყოდი ბიუროკრატიული პრობლემაა - საქართველოში ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა. ვთვლით, რომ ამის გამომწვევი მიზეზი საჯარო უწყებებს შორის არასათანადო კომუნიკაციაა“, - განაცხადა ბრაეკველდტმა.

EBA-ს თავმჯდომარეს მაგალითად მოჰყავს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც სხვა რეგულაციების გამო შემოსავლების სამსახური სათანადოდ ვერ ახერხებს, ამის გამო კი ბიუროკრატიული პროცედურა ბიზნესისთვის რთულდება.

„შემოსავლების სამსახურს, რომელმაც უნდა განახორციელოს ახალი ცვლილებები, აქვს სხვა რეგულაციები, რაც იწვევს პროცედურულ შეფერხებებს და ზოგჯერ დამატებითი საკომისიოც კი არის გადასახდელი - ეს ყველაფერი თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, - განაცხადა ბრაეკველდტმა, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობს ის. 

დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან, მათ შორის: საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობა და წარმოება.