მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ანადგურებს წლების შრომას... უნდა შეაჩერონ, უფრო მეტიც, არც უნდა დაეწყოთ" - EBA-ს თავმჯდომარე "რუსულ კანონზე“

eba

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი ამბობს, რომ ე.. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებამ უკვე მოიტანა ზიანი ქვეყნის იმიჯის თუ ინვესტორების განწყობების ნაწილში.

როგორც EBA-ს თავმჯდომარემ BMG-სთან განაცხადა, მისი შეფასებით, კანონპროექტი აზიანებს საინვესტიციო გარემოს. მისივე თქმით, საკითხზე ევროპული ბიზნეს ასოციაციის შეფასება მოგვიანებით, ბორდის შეხვედრის შემდეგ გავრცელდება.

ახლა, პერსონალურად მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავით, როდესაც გასული წლის მარტში ეს კანონი გაიწვიეს, რადგან ეს კანონი არ ეხმარება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და საქართველოს იმიჯს. მე ბელგიელი ვარ და ქართულ საინფორმაციოსთან ერთად, ბელგიურსაც ვადევნებ თვალს. ბელგიურ ნიუსში ვნახე ვიდეოები პარლამენტში ჩხუბზე, ეს არ ახალისებს ინვესტორების განწყობას.

კანონთან დაკავშირებით სრულად ვეთანხმები შარლ მიშელს, ევროკავშირს და ყველას, რომ პირდაპირ უტევს სამოქალაქო საზოგადოებას. თუ გაქვს დემოკრატია, გჭირდება ძალიან კარგი სამოქალაქო საზოგადოება. მე მესმის, რომ დაფინანსება თქვენი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან და ამერიკისგან, უმეტესად მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისკენ, რადგან ესაა თუ როგორ ვქმნით დემოკრატიას“,- ამბობს EBA-ს თავმჯდომარე.

ის მიიჩნევს, რომ კანონის გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან მისი წინ წაწევა ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს გააღრმავებს.

სულ მცირე, მათ უნდა შეაჩერონ კანონი, თუმცა კიდევ უფრო უარესი, ზიანი უკვე მიყენებულია. უკვე არის შესაბამისი კომუნიკაციები, ასევე, მიმდინარე პროტესტის გამო, შესაძლოა, საელჩოებმა გაგზავნონ, რომ ტურისტებისთვის საქართველო უსაფრთხო არაა. გასული ორი დღის განმავლობაში, 50-ზე მეტი ზარი მქონდა, პოტენციური ინვესტორებისგან და საინვესტიციო სააგენტოებისგან, კითხვებით თუ რა ხდება. ასევე ტურისტებისგან, რომლებსაც აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ვიზიტი.

ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მეტად მიმზიდველი გავხადოთ ეკონომიკა და რეკლამა გავუკეთოთ საქართველოს ყველა შესაძლო გზით, ეს ანადგურებს წლების შრომას. კი არ უნდა შეაჩერონ, ვიტყოდი, რომ არც უნდა დაეწყოთ და უნდა მოესმინათ, რა მოხდა გასულ წელს. თუ კანონი წინ წაიწევს, ზიანი გაღრმავდება. ნათლად ვხედავთ, რომ ის საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატის სტატუსს. უმაღლეს დონეზე ვიღებთ გაფრთხილებებს“,- განმარტავს ჯონ ბრეკეველდტი BMG-სთან.

რაც შეეხება მოლოდინებს, EBA-ს თავმჯდომარე შიშობს, რომ ამჯერადქართულ ოცნებასგაჩერება არ სურს.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები