მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო 8 წელიწადი ქვეყანა სტაგნაციაშია" - ვალერი ჩეჩელაშვილი

5ffc4be831bc9
ინგა მურუსიძე
11.01.21 18:45
1652
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 8 წელიწადი ქვეყანა სტაგნაციაშია. ამის შესახებ მან bm.ge-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა. ჩეჩელაშვილმა შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, რომელიც მან დღეს გაავრცელა და საზოგადოებას ამ ფორმით აცნობა, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

“შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს „ქართული ოცნება“, ან ვიღაცას „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ფაქტები და ციფრები ჯიუტია. ციფრები კი გვეუბნება, რომ შიდა ეროვნული პროდუქტი საქართველოში 2003 წლიდან 2012 წლამდე გაიზარდა 4 მლრდ-დან 16 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2012 წლიდან დღემდე იგივე დონემდე შენარჩუნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 8 წელიწადი ვიყავით სტაგნაციაში. გასაგებია, რომ ვერ გაიზრდებოდა ოთხჯერ 2012 წლიდან შიდა ეროვნული პროდუქტი, მაგრამ ორჯერ მაინც რომ გაზრდილიყო, ეკონომიკური განვითარების დონე ახლა იქნებოდა ევროკავშირის ყველაზე ღარიბი წევრის, ბულგარეთის დონეზე, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 4 ათასი დოლარის ნაცვლად 8 ათასი დოლარი იქნებოდა. ეს არის უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონეზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, ბოლო 8 წელიწადში ჩვენ ვიყავით სტაგნაციაში“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება ივანიშვილის წერილის იმ ნაწილს, სადაც ის ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს, ჩეჩელაშვილის თქმით, საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი საეჭვოა.

„ბიზნესის თავისუფლებაზე მეტყველებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და აქ ჩვენ ძალიან სერიოზული ვარდნა გვქონდა. დაახლოებით 700 მლნ-ით იყო ვარდნა, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლელ ინვესტორებს არ სჯერათ ჩვენი ინსტიტუციონალური მოწყობის და სასამართლოს სისტემის სამართლიანობის, ამას რომ დავუმატოთ ტენდერების მანკიერი პრაქტიკა, როცა ნაკლებად სერიოზული რეპუტაციის მატარებელი კომპანიები იგებენ ტენდერებს, მაგალითად ჩინური კომპანიები, რომლებიც გამოძევებული არიან სხვა ქვეყნებიდან, მაშინ აქაც სერიოზული კითხვები შეიძლება დავსვათ“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.