საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი მთავრობას მეტ მოქნილობას და პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანებას ურჩევს. ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ინტერვიუში 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, უმჯობესია, მთავრობა ეკონომიკაზე უფრო მეტად კონცენტრირდეს.
- თქვენი აზრით, რამდენად კარგად მართავს მთავრობა პანდემიას, ვაქცინაციის პროცესს, რადგან ფაქტია, ეკონომიკის აღდგენა სწორედ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული...
- მე როგორც ვიცი, ამ წუთას 80%-ით პოლიტიკურ პროცესებზე არიან კონცენტრირებულნი და არა - ეკონომიკურზე... არადა, როგორც მთელი მსოფლიო, ისე ჩვენც, ისეთ დღეში ვართ, მირჩევნია, ჩემი მთავარობა 95%-ით ყოველდღიურ, "შავ საქმეზე" იყოს ორიენტირებული... ესაა გადარჩენის გზა.
- როცა დღის წესრიგში პოლიტიკა ჭარბობს, სად მივყავართ ამ სიტუაციას?
- უფსკრულში.
- რას ურჩევდით მთავრობას?
- უფრო მეტ მოქნილობას. არ უნდა იყოს ხისტი და გააერთიანოს გახლეჩილი საზოგადოება. სხვა პასუხი არ მაქვს დღევანდელობაზე. დიდმა და პატარამ ყველამ გაერთიანებისთვის უნდა იღვაწოს.
- თქვენი აზრით, მოქმედი მთავრობა ხელს უწყობს საზოგადოების გაერთიანებას?
- ისევ ცუდ კითხვას სვამთ... ვერაფერს ვიზამთ... როგორც ყველა ინდივიდს, ისე მთავრობის ხელმძღვანელს ან წევრს თავისი გეგმები და მიზნები აქვს. ერთადერთი ამოცანაა, მეც და თქვენც ვიფიქროთ, როგორ არ გავხლიჩოთ საზოგადოება.
- გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებას ხომ თავისი დიდი როლი აქვს საზოგადოების გამთლიანების პროცესში?! და ამ დროს ვხედავთ, ის ჟურნალისტებსაც კი ყოფს...
- აბსოლუტურად არ ვენდობი არცერთ ხელისუფალს. ჩემი ამოცანაა მათთან ოპონირება - ჯანსაღად ვაკრიტიკებ, კონსტრუქციულად ვარ განწყობილი, ვეხმარები, მაგრამ არ ვარ არცერთის მომხრე. ასეა მთელი ბიზნესი. 30 წელია ჩვენ ბიზნესში ვართ და არცერთი მთავრობის მომხრე არ ვყოფილვარ. ყველას ვეხმარებით, თან ვაკრიტიკებთ უკიდურესად.
- პანდემიის და სხვა შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, რა მოლოდინები და განწყობებია ბიზნესში?
- თუ სასწრაფოდ არ გავაჩერებთ პოლარიზაციას და გახლეჩას, ჩქარი ნაბიჯებით ცუდისკენ მივდივართ... ჩვენი შრომით ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საზოგადოების გაერთიანებაში.