სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ანაკლიის პორტის მშენებლობას ოთხი ძირითადი ფაქტორი აფერხებს - საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობა, პორტის ოპერატორად ჩინურ სახელმწიფო კონსორციუმთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღებული შედეგები და პრობლემები, რომელიც CCCC-ის აქვს. ამის შესახებ მან ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროექტზე BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პირველ რიგში ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ გამოჩენილი უპასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის 2 წელი გადის ბოლო ტენდერის გამოცხადებიდან და მათ ვერ შეძლეს დიდი, საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება. მათ ვერ შეძლეს ევროპული, ამერიკული კომპანიების მოზიდვა ანაკლიაში, შესაბამისად კოჭლი ტენდერი გამოუვიდათ, რომელიც ჩაატარეს. მივიღეთ სინგაპურულ-ჩინური კონსორციუმი, რომელთანაც მაისში ერთი წელი შესრულდება, რაც გვეუბნებიან, რომ მასთან ხელშეკრულების ყველა წინაპირობა არსებობს და დღეს-ხვალ გაფორმდება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის. ეს რაც ჩვენს ხელისუფლებას და გაურკვევლობას ეხება.
ამასთან, მათ არ იციან სინამდვილეში რა შედეგები მოჰყვება ამ ხელშეკრულების გაფორმებას და ამის გამო აჭიანურებენ პოტენციურ ოპერატორთან შეთანხმების გაფორმებას და აინტერესებთ როგორი იქნება დანარჩენი სამყაროს რეაგირება ჩინური კომპანიისთვის პორტის გადაცემის შემდეგ. რადგან თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უნდა იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი კომპანია, მაშინ აღმოსავლეთის გარდა დასავლეთის მხარეც მნიშვნელოვანია, როგორიც პირველი.
მაგრამ გარდა ამისა პრობლემები ჩინურ კომპანიასაც აქვს, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ სანქცირებულია და შავ სიაშია შეყვანილი, მას რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის დავები აქვს, სერიოზული პრობლემები ბანკიდან გარანტიების მიღების მხრივ. განაცხადში არსებული პირველადი დოკუმენტში HSBC-ის გარანტიები იდო, ჩვენ ამის უტყუარი დოკუმენტი არ გვაქვს, მაგრამ თანმდევი ინფორმაციიდან გამომდინარე, ეს ფინანსური გარანტია აღარ არსებობს და მათ უჭირთ ანაკლიასთან მიმართებით რომელიმე ბანკიდან ასეთი გარანტიის მოტანა.
ყველაზე მთავარი - არ არის ფული, რომელიც ანაკლიას ააშენებს. პროექტს ძალიან ბევრი ასეული მილიონი სჭირდება და ამ ფულის წყარო არც საქართველოს მთავრობას და არც პოტენციურ პორტის ოპერატორ კომპანიას არ აქვს“, - განმარტა თინა ხიდაშელმა.
2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი შარშან მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო. პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
ამის პარალელურად, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა. კერძოდ, პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.
ამასთან, 2024 წელს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარი, 2026 წელს კი 180 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.