მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინურ CCCC-თან [არგაფორმებული] კონტრაქტი|ხომ არ დაკარგა ჩინეთმა ანაკლიაში ინტერესი? - მოსაზრება

დავით აფციაური

ანაკლიის პროექტი ამ დრომდე ინვესტორის გარეშეა. ხომ არ დაკარგა ჩინეთმა ანაკლიის პორტისადმი ინტერესი? - ეს კითხვა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს დავით აფციაურს დავუსვით.

გამოცდილი დიპლომატი ვარაუდობს, რომ ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან კონტრაქტის გაფორმების მიზეზი გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები და რეგიონში არსებული რისკებია. მისივე თქმით, ინიციატივა იმდენად კომპლექსურია, რომ პარტნიორები, სავარაუდოდ, დამატებით ანალიზს ატარებენ.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის იმდროინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა მიმდინარე წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

- მიმდინარე თვეში, ირაკლი კობახიძე, ხუთ მინისტრთან ერთად, ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ჩინელ კოლეგასაც შეხვდა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის და ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურების მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში ანაკლიის პორტის პროექტი და ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები საერთოდ არ იყო ნახსენები. რას ნიშნავს ეს - ხომ არ დაკარგა ინტერესი CCCC-მ ანაკლიაში, თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ოცნების“ პოლიტიკამ ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობები მკვეთრად დააზიანა...

- მე ასე ვიტყოდი - ვფიქრობ, კონკრეტული უფრო ლოკალური ხასიათის რისკ-ფაქტორების გარდა, დღეს იმდენად ცვალებადია გარე სამყარო და ამაში ყველაა ჩართული - ევროპაც, ამერიკის შეერთებული შტატებიც - [ეს ყველაფერი] ჩინეთზეც მოქმედებს. ვფიქრობ, ვინაიდან [ანაკლიის] პროექტი ორდინარული ნამდვილად არაა - ის ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროექტია და არ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ჩემი აზრიღ, ამ ეტაპზე, ახალი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული რისკების დამატებითი ანალიზი მიდის. დამატებითი რისკები ეხება ტრაგედიასაც უკრაინაში, რაც დღეს ხდება. ამდენად, ვფიქრობ, როდესაც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება ეს ყველაფერი, ამ პროექტის განხორციელების კონტურები უფრო გამოჩნდება. გარდა ამისა, როგორც ვიცით, არის გარკვეული განრიგი და გეგმა პროექტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ეტაპების გავლას, სადაც პარტნიორები/მხარეები მონაწილეობენ...

- რამდენად უშვებთ იმის ალბათობას, რომ შესაძლებელია, „ქართული ოცნების“ მთავრობაც არ აქტიურობდეს ჩინურ კონსორციუმთან კონტრაქტის გაფორმებას და ანაკლიის პორტის საკითხს აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვისთვის „ინახავდეს“?

- შეიძლება... უბრალოდ, ისევ ვამბობ, რაღაც გარკვეული მოლოდინის სტადია გაგრძელდა, რომ ამერიკიდან იქნება პასუხი [ურთიერთობის გადატვირთვაზე] რასაც ველით ამდენი ხანია... რომ ევროკავშირი მოიცლის ამისთვის, რადგან EU ძალიან ბევრი პრობლემით არის დაკავებული დღეს და ეს სრულიად ნათელია...

- ჩინეთის ინტერესის შესაძლო შემცირებას არ უშვებთ?

- როდესაც რისკები იზრდება, ჩინეთი კიდევ უფრო ფრთხილი ხდება და შეიძლება, ამით არის განპირობებული...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები