15.ოქტომბერი .2020 23:30

"ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ პრივატიზაცია" – თურნავა მთავრობის საპრივატიზაციო გეგმებზე

views 417
უკან

ჩვენი ამოცანა კვლავ იგივეა, გავაგრძელოთ და მაქსიმალურად დავაჩქაროთ პრივატიზაცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას მთავრობის საპრივატიზაციო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა.

მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ შეიძლება უფრო მიმზიდველი გახდეს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას ყიდის.

„ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავაინტერესოთ ინვესტორები პრივატიზაციით, მაგრამ ამავდროულად კარგი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ შეიძლება მიმზიდველი გავხადოთ ეს პროგრამა. ამის ფარგლებში ახალ ინიციატივებსაც ვგეგმავთ. შესაძლოა, ჩვენ ფასწარმოქმნასაც სხვაგვარად შევხედოთ, თუ დაგვიგროვდა ობიექტების გარკვეული პორტფელი, რომლებიც ადრინდელი შეფასებით ალბათ აღარ არის რელევანტური და შეიძლება მათი გადაფასება მოხდეს და უფრო მიმზიდველი ფასი იყოს“,– აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ორ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლებიც პრივატიზებას შეეხება:

„კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამ დღეებში, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების დაჩქარება. სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით იყო გარკვეული სამუშაო გასაწევი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა სპეციალური სააგენტო და მიდგომა თუ როგორ იქნება იგი უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაში.

პირველი, რაზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არის რომ მოიჯარეს უფლება ეძლევა პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდოს გრძელვადიანი იჯარით გაცემული ათ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რაც დიდი ხნის მოთხოვნა იყო. ერთი მხრივ, ეს აძლევს შესაძლებლობას მეპატრონეს, განსხვავებით მოიჯარის სტატუსისგან, რომ მიიღოს მონაწილეობა იმ დიდ პროექტებში, რასაც აფინანსებს სახელმწიფო, მოიზიდოს საბანკო სესხი და სუბსიდია, გადამამუშავებელი სიმძლავრეები შექმნას. თუ ვისაუბრებთ უფრო მსხვილ მიწის ნაკვეთებზე, აქაც ღია ვართ პრივატიზებისთვის, ოღონდ ამ შემთხევაში მნიშვნელოვანია საინვესტიციო ვალდებულებები ფასის გადახდასთან ერთად და ასევე, დასაქმების ვალდებულება იქნება აუცილებლად.

ამასთან, ვგეგმავთ ერთიანად მინორიტარული წილების გაყიდვას, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია და ბევრ ღირებულებას ვერ ქმნის, ეს იქნება ალბათ აუქციონი. თუმცა, პირველი დაინტერესებული პირი იქნება მაჟორიტარი წილის მეპატრონე და ის დროა, რომ ეს აქტივებიც გავუშვათ ეკონომიკაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.