მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია" - ლევან იოსელიანის ინიციატივა

618285622c288
ინგა მურუსიძე
03.11.21 21:43
2686
უახლოეს მომავალში მზად მექნება საკანონმდებლო წინადადება მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო და ვიდრე კანონპროექტის ვერსია პარლამენტს წარედგინება, ის აუცილებლად დამუშავდება ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან და ა.შ.

საქმე ის არის, რომ ლევან იოსელიანმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ ბიზნესი დასაქმებულებს „ველურად“ ექცევა, რადგან მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება საათში 1.80 ლარს შეადგენს. იოსელიანის თქმით, ადამიანები იჩაგრებიან და სახელმწიფომ ამას უნდა მიხედოს.

იოსელიანი ვერ აკონკრეტებს ვადებს, თუ როდის მომზადდება კანონპროექტი, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა რთული არ იქნება.

„არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ბიზნესის თავისუფალი განვითარების წინააღმდეგი ვარ. ბიზნესი უნდა განვითარდეს, თუმცა უნდა არსებობდეს რაღაც ჩარჩო, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ადამიანის შრომა არის კანონით დაცული და არ შეიძლება ადამიანების, ქალების ასეთ მძიმე შრომას მოვეპყროთ ისე, როგორც დღეს ხდება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატი განმარტავს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში განსაზღვრულია მინიმალური ხელფასის ზღვარი, რომელიც სხვადასხვა დარგში შეიძლება არსებობდეს.

„გასაგებია, რომ საქართველოს შვეიცარიას ვერ შევადარებთ, თუმცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი მინიმალური ხელფასის ზღვარი არის განსაზღვრული. მომსახურების სფეროში დასაქმებულებს სჭირდებათ დაცვა. არ შეიძლება ადამიანი მიიღო სამსახურში გადაუხადო 300 ლარი და მერე უთხრა, თუ არ მოგწონს წადი, სხვა მოძებნეო. არაფერია გასაკვირი იმაში, თუკი სახელმწიფო მოქალაქეს დაიცავს. არ შეიძლება ადამიანზე ზეწოლის ბერკეტი იყოს ის, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვს. ადამიანების გაჭირვებით მანიპულირება არ შეიძლება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.