მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექნება თუ არა გავლენა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ინიციატივას სიღარიბის შემცირებაზე?- ISET-ის შეფასება

ხელფასი

მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე იმ დათქმით მიიღო, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა, რაც უკვე არაერთხელ მოხდა.

ISET-ის კვლევითი ცენტრის მაკროეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით კეშელავა ამბობს, რომ საერთაშორისო ლიტერატურის მიხედვით ცალსახა შეფასება თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ ინიციატივას დასაქმების მაჩვენებლებზე რთული სათქმელია. თუმცა მისი თქმით, მინიმალური ხელფასის ზრდა მცირედით, მაგრამ მაინც შეამცირებს სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების წილს.

კეშელავას თქმით, მცირედით იმიტომ რომ ძირითადად ესენი, იმ კატეგორიის ადამიანები არიან, რომლებიც ან საერთოდ არ მუშაობს ან თვითდასაქმებულები არიან.

“რთულია ვთქვათ, როგორი გავლენა ექნება მინიმალური ხელფასის ზრდას შრომითი ბაზრის მაჩვენებლებზე, თუმცა ISET-ს აქვს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს მინიმალური ხელფასის სხვადასხვა დონით განსაზღვრის პირობებში რამდენით შეიძლება შეიცვალოს სიღარიბის მაჩვენებლები. ეს კვლევა აჩვენებს, რომ თუ მინიმალური ხელფასი განისაზღვრება, მაგალითად 250 ლარის ოდენობით, ეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს დაახლოებით 0.2%-ით შეამცირებს. თუ მაგალითად მინიმალური ხელფასი იქნება 350 ლარი, თითქმის 1%-ით შემცირდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი.

ის, რომ სიღარიბის მაჩვენებლებზე ამას ძალიან დიდი გავლენა არ აქვს იმით არის განპირობებული, რომ ღარიბი ადამიანების ძირითადი ნაწილი ან საერთოდ არ არის დასაქმებული, ან თვითდასაქმებულია, შესაბამისად, ეს ინიციატივა მოსახლეობის ამ ნაწილს შედარებით ნაკლებად შეეხება,”- ამბობს ISET-ის კვლევითი ცენტრის მაკროეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით კეშელავა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2023 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა, რომლის 40%-ს 742 ლარს შეადგენს.

საქართველოში ოფიციალური მინიმალური ხელფასი 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და ის 20 ლარს შეადგენს.

ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირებმა პარლამენტში გასულ წელს წარადგინა და ის პარლამენტის ბიუროზე 2023 წლის ოქტომბერში განიხილეს, რომლის გადაწყვეტილებითაც ინიციატივის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტს დაევალა. ამ დროისთვის ინიციატივის განხილვა უნდა გაგრძელდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე, სადაც პროფკავშირები, სახელმწიფო და ბიზნესი საკითხზე უნდა შეჯერდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები