ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის დავით კეშელავას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებული მაჩვენებლები დაახლოებით მოლოდინების შესაბამისია. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, იმ ფონზე, რომ ყველა არჩევნების მოლოდინშია, ინვესტიციებში დიდი ძვრები მოსალოდნელი არ იყო.
„მეორე კვარტალში მცირე ზრდა გვაქვს ძირითადად კაპიტალის და არა რეინვესტირების ხარჯზე, თუმცა რეალურად დაახლოებით იგივე კომპანიები აკეთებენ ინვესტიციებს, რაც მანამდე. წინა პერიოდებში რაც იყო ხოლმე წამყვანი, იგივე ქვეყნები და სექტორებია. სავარაუდოდ, უკვე არსებულ კომპანიებშია ეს ინვესტიციები შემოსული და ახალ მნიშვნელოვან ინვესტიციებთან არ უნდა გვქონდეს საქმე. პირველ კვარტალში ძირითადად რეინვესტირების კლების ხარჯზე იყო ის მნიშვნელოვანი შემცირება. გასაკვირი არაა, რომ ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვანი გარღვევა არ გვაქვს იმიტომ, რომ ახლა ისეთი პერიოდია, ადგილობრივი კომპანიების კი ცდილობენ, რომ გადაავადონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ყველა არჩევნების მოლოდინშია, აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში დიდი ძვრები მოსალოდნელი არ იყო”, - ამბობს დავით კეშელავა.
მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება რთულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება. ეკონომისტი, ინვესტიციების ზრდისთვის, ყურადღებას დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების მნიშვნელობაზე ამახვილებს.
“არჩევნების შედეგებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ერთი თემაა ის, მოჰყვება თუ არა პოლიტიკური არეულობა და არასტაბილურობა არჩევნებს. მეორე ის, როგორ დალაგდება ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობები. აქ თუ დაძაბული ურთიერთობები იქნება, გამოდის, რომ დასავლეთიდან ინვესტიციების შემოდინებას არ უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ან ჩინეთიდან თუ გააკეთებენ ინვესტიციებს. ეს შესაძლოა FDI-ის კუთხით დიდი დარტყმა იყოს, უარყოფითი სცენარიც საკმაოდ რეალისტურია. არსებული კომპანიები ინერციით ისევ აგრძელებენ ფუნქციონირებას და ინვესტირებას, მაგრამ როცა უკვე პოლიტიკური ცვლადები შეიცვლება, შემდეგ რა იქნება ეგაა მნიშვნელოვანი. თუ დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდა, მაშინ სავარაუდოდ, ზრდის ტრენდი გაგრძელდება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა მიმართულებით დიდი რისკები არის“, - აღნიშნა დავით კეშელავამ.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული FDI-ის მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში კი საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ელის, რომ მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება.