მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით დოლარიზაციის სასურველ ნიშნულამდე შემცირება შეუძლებელია - დავით კეშელავა

დავით კეშელავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვრის მორიგ ჯერზე, 400 ათას ლარამდე გაზრდა მოსალოდნელი იყო.

როგორც დავით კეშელავამ BMG-ის განუცხადა, იმ პირობებში, როდესაც ლარი სტაბილურია, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე განაკვეთები მცირდება, დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება ლოგიკურია.

თუმცა მისი თქმით, მხოლოდ მსგავსი ინსტრუმენტებით ქვეყანაში დოლარიზაციის სასურველ დონემდე შემცირება შეუძლებელია, რადგან მსხვილი ბიზნესის ნაწილში სესხების მიმართულებით უცხოური ვალუტის წილი კვლავ მაღალი რჩება.

„ახლა დედოლარიზაციის პოლიტიკის გასატარებლად ხელსაყრელი დროა, რადგან ლარის კურსი შედარებით სტაბილურია, ეროვნულ ვალუტაში კი განაკვეთები მცირდება. ეროვნულ ბანკს გაცხადებული დედოლარიზაციის პოლიტიკა აქვს და ის, რომ დოლარიზაციის მაღალი დონე საფრთხის შემცველია, ამ პოზიციას მეც ვიზიარებ. თუმცა მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით, რეგულაციებით დოლარიზაციის სასურველ დონეს ვერ მივაღწევთ. ახლა რა ზომებიც ტარდება, ეს ძირითად ფიზიკური პირებისადმია მიმართული, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი ისედაც შედარებით დაბალია. გაცილებით მაღალი რჩება უცხოური ვალუტის სესხების წილი კომპანიების შემთხვევაში. ამ ნაწილში ლარიზაციის გაზრდას ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სჭირდება, რაც ბიზნესისთვის ლარის რესურსს გააჩენს. ეს მოიაზრებს როგორც ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს, ასევე სტაბილურ ლარს და დაბალ ინფლაციას“, - განაცხადა დავით კეშელავამ.

ცნობისთვის, 1-ელი მაისიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.

ამ დროისთვის საბანკო სექტორში სესხების მიმართულებით უცხოური ვალუტის წილი 45%-ია, ხოლო დეპოზიტების ნაწილში ეს მაჩვენებელი 50%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები