ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული ე.წ. რუსული კანონის მიღების მორიგი მცდელობა საქართველოს იმიჯს აზიანებს და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია.
როგორც დავით კეშელავამ BMG-ის განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მაინც მიიღებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ამას როგორც ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.
„ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები ცხადია, ცალსახად ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე და ძალიან დიდი პრობლემაა თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც, რადგან ეს პოლიტიკა თანდათან დასავლეთთან ბრძოლას ემსგავსება. ამ ყველაფერს, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ახლავს ასევე პოლიტიკური არასტაბილურობის განზომილებაც და ინვესტორებისთვის ესეც საკმაოდ ნეგატიური სიგნალია საბოლოო ჯამში, იმ კანონებთან ერთად, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კანონის მიღებას ბევრი რისკი ახლავს თან ქვეყანაში დემოკრატიის პროცესის უკუსვლის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა ინვესტორებისთვის და ადგილობრივი ბიზნესისთვისაც. ამიტომ ეს ძალიან დიდ რისკებს ქმნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.
თუკი ამ კანონს მიიღებენ, ეს მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების კუთხით მუშაობენ, მათ შორის მუშაობენ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან. თუ ეს საქმიანობები შეფერხდება, ეს ცალსახად უფრო მნიშვნელოვან პრობლემებში გადაიზრდება“, - განაცხადა დავით კეშელავამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.