მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრაციის ერთჯერადი ეფექტები თითქმის ამოწურულია... ეკონომიკა საბაზო მდგომარეობას სწრაფი ტემპით უბრუნდება - დავით კეშელავა

დავით კეშელავა

2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილებში პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, თუმცა რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 66%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც ქვეყანაში რუსული მიგრაციის ფინანსური გავლენის შემცირებაზე მიუთითებს.

მცირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხოვნობაც. 9 თვის მდგომარეობით, საქართველო 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან 1,508,187 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,528,193 მოქალაქემ.

ISET-ის კვლევითი ცენტრის მაკროეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელის შეფასებით, ის ერთჯერადი ეფექტი, რაც მიგრანტების შემოდინებას ჰქონდა ქვეყანაში წლის ბოლომდე ამოიწურება, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით უბრუნდება საწყისს, საბაზო მდგომარეობას.

„ის, რომ ბოლო პერიოდში გზავნილებმა კლება დაიწყო, მიგრანტების ხარჯზე მოდის და ვხედავთ, რომ წინა თვეებში ამ შემცირების ძირითადი კონტრიბუტორი რუსეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და სომხეთი იყო, რაც კავშირში იყო მიგრანტებთან. მოსალოდნელიც იყო ეს კლება, რადგან როცა პირველად შემოვიდნენ, გადმორიცხეს თანხები საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომში საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ვიცოდით მაშინაც, რომ ეს იყო ერთჯერადი გადმორიცხვები და არ იყო კლასიკური გზავნილები. ისიც ვიცოდით,  რომ მიგრაციის ასეთი ნაკადები არ იქნებოდა მომავალში და ამიტომ ეს ეფექტი, სადღაც ამოიწურებოდა და ახლა სწორედ ამ ამოწურვის პროცესს ვაკვირდებით, ამიტომაც არის, რომ ახლა რუსეთი არის მთავარი მიზეზი,რომ ბოლო პერიოდში ფულადი გზავნილები იკლებს.

რაც შეეხება ტურიზმს, აქაც ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ჩვენ არ უნდა დავაკლასიფიციროთ ის რუსები, რომლებიც ქვეყანაში შემოვიდნენ, ტურისტებად, იმიტომ რომ მათი შემოსვლის მიზანი ძირითადად ტურისტული არ არის. მათი ქცევაც, მომხმარებლის გადაწყვეტილებებიც და ბაზარზე გავლენაც არ არის ისეთი, როგორც კლასიკური ტურიზმის შემთხვევაში იქნებოდა, ამიტომაც არის, რომ მიგრანტების გადინების მაჩვენებელი ეკონომიკაზე საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს, მით უმეტეს, თუ წარსულში ამას ჰქონდა დიდი პოზიტიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ მიგრანტები მასობრივად გავლენ ქვეყნიდან ეს სარკისებურად ნეგატიურ შოკს წარმოშობს ეკონომიკაში. ეს შეეხება ყველა სექტორს, ტურიზმის სექტორს, მომსახურების სექტორს, და საქონლის და მომსახურების ბაზრებს.

ყველა ის ერთჯერადი ეფექტი უკვე მილევის ფაზაშია და წლის ბოლოსთვის მილეული იქნება, მაგრამ საინტერესოა სანამ მიგრანტები ქვეყანაში რჩებიან ისინი კვლავ ქმნიან მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაში და კვლავ ახორციელებენ ინვესტიციებს და შეაქვს კონტრიბუცია ეკონომიკურ  ზრდაში.  როცა გავლენ ქვეყნიდან მთლიანად ამოიწურება ეს ეფექტი. მანამდე ერთჯერადი ეფექტები თითქმის ამოწურულია და საკმაოდ სწრაფი ტემპით უბრუნდება ეკონომიკა საწყისს, საბაზო მდგომარეობას“,-განმარტავს დავით კეშელავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები