სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებში, ეს გადაწყვეტილება არასწორია.
რომან გოცირიძე საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის ცვლილებას ოქტომბერში რეზერვების მკვეთრ კლებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ამ გზით შესაძლებელია რეზერვების შევსება დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარით.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად, ხოლო დეპოზიტარებს შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად დაუჯდებათ.
"ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა.
მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს. ამ გაყინული ფულის “შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას იგი გაუყინავი ფულის გასესხებისას პროცენტის ზრდით იკომპენსირებს.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დარეზერვების ნორმის ზრდა მოახდინა დოლარებში სესხის გაცემის შესაზღუდად, ანუ მიზანი აკვიატებული ე.წ. ლარიზაციის ხვედრითი წილის გაზრდაა ანუ დოლარიზაციის შემცირება.
ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებში ეს გადაწყვეტილება არის არასწორი.
სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმიტომ მიიღო, რომ რეზერვების მოცულობამ ოქტომბრის თვეში მკვეთრად იკლო, ამ გზით კი შესაძლებელია მისი შევსება დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის ოდენობით.
ამ მეთოდით რეზერვების ზრდა ფიქტიურია. ამ სახით ფორმირებული რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, იგი მხოლოდ ქაღალდზე ალამაზებს სურათს. ეს ფული ეროვნული ბანკის ვალია კომერციული ბანკების მიმართ.
პარადოქსი ის არის, რომ გასული წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 25 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტამდე შეამცირა აღნიშნული ნორმატივი და ამით თავი მოიწონა, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოვათავისუფლებთ საკრედიტო რესურსების სახით, რითაც ეკონომიკის სტიმულირებასაც მოვახდენთ და სესხზე პროცენტის დაწევასაც შევუწყობთ ხელსო. ამ გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა მლიქვნელობით განთქმული საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე და მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს ამ ბრძნული გადაწყვეტილების მიღების გამო. ახლა, როცა საპირისპირო რამ მოხდა, პოლიტმლიქვნელებით გატენილი ბიზნესასოციაცია დუმს.
რეზერვების კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა შემცირების მიზეზი კი ყველამ კარგად ვიცით. ეს “ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო, ანტიდასავლური და პრორუსული საარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. მისი ნაწილობრივ აღდგენის მცდელობა ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად დაუჯდება, ხოლო დეპოზიტარებს შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად",- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 27 ნოემბერს მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიზარდოს.