მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარწმუნებული ვართ, გაზრდილი საგზაო მოძრაობის მართვას შევძლებთ" - ქვრივიშვილი ბაკურიანზე

63a4477a252fe
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.22 16:00
936
რამდენად მზად არის ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის? - ეს კითხვა ჟურნალისტებმა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს დაუსვეს.

კითხვა იმ გამოწვევებს მოიაზრებდა, რომელიც ბაკურიანში ზამთრის აქტიურ სეზონზე იქმნება, რაც განთავსების პრობლემებსა და დამსვენებელთა დიდი რაოდენობით გამოწვეულ საცობებს მოიცავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კურორტზე აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად უწყებათშორისო სამთავრობო ჯგუფია შექმნილი, რომელშიც ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართულია.

„უწყებებთან ერთად ბაკურიანში ევროპის და მსოფლიო თასების ჩემპიონატების ჩატარების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ლოგისტიკური თუ სხვა სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა მოგვეხდინა, რაც შეეხება ადგილობრივ კერძო სექტორს, მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ მათთან და მათ იციან - რას უნდა ელოდონ 2023 წელს, შესაბამისად, ყველა განთავსების ობიექტი, რომელიც ადგილზეა, სიხარულით ელოდება 2023 წლის თებერვალს. ვფიქრობთ, კერძო სექტორი მზად არის. ამასთან, დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ბორჯომის რეგიონისთვის, რომ დამატებითი განთავსების ობიექტები კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს ჩემპიონატის დროს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობა ძალიან კარგად აისახება ბაკურიანში 2023 წელს.

ლოგისტიკასთან დაკავშირებით, მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს შსს-სთან, რომელიც უწყებათშორისი სამთავრობო ჯგუფშია და ვიცით, დაახლოებით, რა რაოდენობის ვიზიტორებს ველით. აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ შსს გუნდის მხარდაჭერით და საპატრულო პოლიციის გაზრდილი ოპერირებით, გაზრდილი საგზაო მოძრაობის მართვას შევძლებთ“, - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის: 2023 წელს კურორტი ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. MTA-ის ინფორმაციით, დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა აშენდა.