მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიბოს" დირექტორი მილიონების გამოძალვას ცდილობდა - "მეტო ჰოლდინგის" განმარტება სასტუმრო "ლეგენდას" საქმეზე

628908538e0c1
გიორგი თოლორდავა
21.05.22 20:40
1412
გასული კვირების განმავლობაში ბათუმში, სასტუმრო „ლეგენდას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილე 1000-მდე დასაქმებული პირი კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა. აღნიშნული სასტუმრო „მეტო ჰოლდინგში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს.

„მეტრო ჰოლდინგის“ განმარტებით, სასტუმრო „ლეგენდა“ შპს „დიბო ჯგუფს“ იჯარის უფლებით აქვს გადაცემული. თავის მხრივ, „დიბო ჯგუფი“ დუბაიდან ჩამოსულმა ინვესტორთა ჯგუფმა ქართველ პარტნიორთან ერთად დააფუძნა, რის შემდეგაც მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა „მეტრო ჰოლდინგთან“ სასტუმროსთან დაკავშირებით. ჰოლდინგის განმარტებით, მოგვიანებით დაიგეგმა მათთვის ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორიის“ გადაცემაც.

„მეტრო ჰოლდინგის“ განცხადებით, კომპანიის დირექტორი, ნადავ საპირი ინვესტორებს უქმნიდა არასწორ წარმოდგენას საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის დაკავებული იყო ინვესტორთა მოტყუებითა და გამოყოფილი ინვესტიციების არასათანადო განკარგვით.

ამის შემდეგ, „მეტო ჰოლდინგმა“ უარი თქვა „დიბო ჯგუფთან“ პარტნიორობაზე და მიმართა სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მეტრო ჰოლდინგი“ ახალ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და საზოგადოებას მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია შპს „დიბო ჯგუფის“ დირექტორის, ნადავ საპირის მიერ გატარებული მავნებლური პოლიტიკის შესახებ, რომლის საზღვრებიც გასცდა ერთ კონკრეტულ კომპანიას და შეიძინა საქვეყნო მნიშვნელობის მასშტაბები.

ნადავ საპირმა ბოლო ინტერვიუს დახმარებით კიდევ ერთხელ მოახდინა სიცრუის ტირაჟირება და სატელევიზიო ეთერის გამოყენებით ისევ შეეცადა მეტრო ჰოლდინგის დისკრედიტაციას, თუმცა ამავე ინტერვიუთი თავადვე დაადასტურა საკუთარ ინვესტორთან დაპირისპირების დეტალები და აღნიშნულით ცხადყო ის, რასაც დღიდან დავის დაწყებისა ამტკიცებდა „მეტრო ჰოლდინგი“: ნადავ საპირის მოქმედებების შედეგად, „შპს დიბო დგუფმა“ დაკარგა ინვესტორი და შესაბამისად, ინტერესიც, დამატებითი საიჯარო ობიექტის სახით მიეღო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო „ეიფორია“, ვინაიდან კომპანიას წინა საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე (შპს „დიბო ჯგუფს“ დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული სასტუმრო „ლეგენდა“) უკვე გააჩნდა საიჯარო ქირის დავალიანება და მეტრო ჰოლდინგის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებული ჰქონდა საბანკო ანგარიშებიც.

„დიბო ჯგუფმა“ მიზანმიმართული ქმედებებით, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის გზით, დააყადაღა მეტრო ჰოლდინგის არაერთი უძრავი ქონება, რომელთა ღირებულება ასობით მილიონ დოლარს აღემატება, მათ შორის ნადავ საპირის მიერ ნახსენებ ე.წ „დიბო ჯგუფისათვის მიყენებულ ზიანსაც“. „მეტრო ჰოლდინგმა“ თანმიმდევრული ქმედებებით შეძლო ეჩვენებინა სასამართლოსთვის საქმის რეალური არსი, უკვე მოახერხა ქონების ნაწილის გათავისუფლება და კვლავ აგრძელებს მუშობას ამ მიმართულებით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, მათ შორის, პირადად ნადავ საპირის პერსონალური პასუხისმგებლობით.

ნადავ საპირი ცრუობს, როცა აცხადებს თითქოს მეტრო ჰოლდინგი დაინტერესებული იყო „ბიზნესის ხელში ჩაგდებით“ - შპს „დიბო ჯგუფის“ მიერ არათუ ბიზნეს საქმიანობის დაწყებამდე, არამედ კომპანიის რეგისტრაციამდეც კი, „მეტრო ჰოლდინგი“ უკვე აწარმოებდა ბიზნესს ჩინელი ეროვნების ინვესტორებთან ერთად და უკვე ჰქონდა იჯარით გადაცემული საკუთრებაში არსებული სასტუმრო, აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, რომელიც საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.

ნადავ საპირი ცრუობს, როცა აცხადებს თითქოს მეტრო ჰოლდინგმა არ გადასცა საიჯარო ობიექტი ან/და ძალადობით გამოიყვანა ისინი საიჯარო ფართიდან. ნებისმიერი ნეიტრალური მესამე პირისთვის ნათელია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პოსტ-კოვიდ მდგომარეობის გამო, სასტუმროთა დატვირთულობა 15-20%-ს ვერ აღწევდა, არც ერთი ბიზნეს სუბიექტი საკუთარი ნებით არ განაცხადებდა უარს გარანტირებულ 100%-იან დატვირთვაზე/შემოსავალზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მოსალოდნელი შემოსავალი აჭარბებდა სასტუმროს ნომრის საცალო ღირებულებას. დამატებით, განსახილველად სასამართლოს უკვე წარედგინა შპს „დიბო ჯგუფის“ მიერ სასტუმროს მიტოვების ამსახველი მასალა, გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი ნადავ საპირს შეეძლო მიემართა სამართალდამცავი უწყებებისთვის, თუმცა ფაქტის არარსებობის გამო, მსგავს მიმართვას ადგილი არ ჰქონია.

მეტრო ჰოლდინგის განცხადების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ საქმეს შპს „დიბო ჯგუფის“ დირექტორის ნადავ საპირისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის ზოჰარ საპირის მიერ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულის შემცველ ფაქტზე, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული პირები „მეტრო ჰოლდინგისგან“ ცდილობდნენ მილიონობით დოლარის გამოძალვას. მეტრო ჰოლდინგი ამ დროისთვისაც განაგრძობს სასამართლო გზით საკუთარი უფლებების დაცვასა და ნადავ საპირის თვითნებური ქმედებების აღკვეთას. ჩვენი ინფორმაციით იგივე პროცესს გადის „დიბო ჯგუფის“ ჩინელი ეროვნების ინვესტორიც, რომელიც თავს მოტყუებულად და დაზარალებულად მიიჩნევს.

შემთხვევით არ მომხდარა საუდის არაბეთის საელჩოს მიერ მოქალაქეების საქართველოში ინვესტირების შესახებ გაფრთხილება, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ ნადავ საპირის მიერ ინვესტორების დაშანტაჟებისა და თაღლითური გზებით სხვისი ქონების მითვისების ფაქტებით იყო გამოწვეული.

"მეტრო ჰოლდინგი" არ არის დაინტერესებული მოახდინოს კერძო სუბიექტთა შორის არსებული დავით აპელირება, თუმცა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისა და ნდობის მნიშვნელოვნად შერყევის გამო, გამოთქვამს შეშფოთებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის მზაობას, რათა უმოკლეს დროში აღიკვეთოს ნადავ საპირის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აისახება ქვეყნის სანდოობის ხარისხზე“, - წერია „მეტრო ჰოლდინგის“ განცხადებაში.