მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი იმედი არც გვქონდა" - მაია მახარაშვილი კომუნალურების სუბსიდირებაზე

6025447e6cb2c
ინგა მურუსიძე
11.02.21 23:40
742
25 იანვარს კლინიკების წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კლინიკებისთვის გაზრდილი ენერგოტარიფების სუბსიდირება იყო. როგორც მაშინ ითქვა, კლინიკებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების საკითხი ჯანდაცვის უწყებას ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა, თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს გაზრდილი კომუნალური ხარჯები არ დაუსუბსიდირდებათ.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების „დიდი იმედი“ არ ჰქონდა ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორს, მაია მახარაშვილს, რომელიც bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს იყო კლინიკების თხოვნა სამინისტროს მიმართ და პასუხს ელოდებოდნენ.

„მოგვისმინეს, გვითხრეს, რომ საკითხს განიხილავდნენ და მოგვიბრუნდებოდნენ. როგორც ჩანს არ გადაწყდა დადებითად“, - ამბობს მახარაშვილი.

გარდა ამისა, კლინიკის დირექტორის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრისას დადგა, ტარიფების საკითხი და ინდექსაცია იყო.

„კარდიოლოგიის საკითხი კარგად გვახსოვს (520-ე დადგენილება), მაშინ მივიღეთ სიურპრიზი - დღეიდან ეს ღირს. სწორედ ამიტომ დადგა ახლა საკითხი, რომ დათვლილი იყოს ერთიანი, საბაზრო ფასები, რომელიც თითქმის ყველა კლინიკისთვის ერთნაირია, როცა საქმე მაგალითად სახარჯო მასალებს ეხება. უნდა შემუშავდეს სწორი ფორმატი გადახდისთვის, კლინიკებს და სამინისტროს იმისთვის, რომ სიურპრიზად მორიგი 521 ან სხვა დადგენილება არ მივიღოთ“, - აღნიშნა მახარაშვილმა.

რა შეეხება ინდექსაციას, კლინიკის დირექტორის თქმით, თუ მოხდება შეთანხმება რეალურ ტარიფებზე, უკვე შესაძლებელი იქნება მოხდეს ფასების ინდექსაცია.

„კარგია, რომ საუბარი დაიწყო, შეხვედრები კიდევ იქნება და ვნახოთ რა იქნება. განხილვის გარეშე მიღებას ჯობია განხილული იყოს. ის მაინც გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ“, - ამბობს მახარაშვილი.