კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ. კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო გამაფრთხილებელი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელის, მაია მახარაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს, რა სიმძიმის პაციენტები შედიან კლინიკებში.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს განიხილავს და მხოლოდ საყოველთაოს დაზღვეულებს იღებს მხედველობაში, რა მიდგომითაც ლეტალობის მაჩვენებლის ობიექტური დათვლა შეუძლებელია.
"როცა ორ კლინიკას ადარებ, მნიშვნელოვანია, იცოდე რა ტიპის პაციენტი შედის ამ ორ კლინიკაში. ამას აქვს თავისი დათვლის მეთოდები, შესული პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, ალბათობა იმისი, რომ გამოსავალი არ იქნება სახარბიელო. მარტივად რომ ავხსნა, ხეჩინაშვილის კლინიკის მაგალითზე, 5 პაციენტის ლეტალობა დამდგარია "ემერჯენსში" წუთების განმავლობაში. ეს ვერაფრით ასახავს მომსახურების ხარისხს, რადგან რეალურად ეს პაციენტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოვიდნენ და დროც აჩვენებს, რომ ვერანაირი სხვა რაიმე დახმარებით ამ მდგომარეობას ვერ შეცვლიდნენ. ისევ ჩვენი კლინიკის მაგალითით რომ ვისაუბრო, იმისთვის რომ გასაგები გახდეს როცა ამ მეთოდოლოგიაზე ვსაუბრობთ, დამწვრობის ცენტრი არის ერთადერთი საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფერალი კეთდება და სხვადასხვა რაიონებიდან და ცენტრებიდან მძიმე პაციენტები გადმოჰყავთ ჩვენს კლინიკაში. აქ, ალბათობა იმისა, რომ ასეთი ტიპის პაციენტებში ლეტალობა მაღალი იქნება, თავიდანვე ნათელია. ამიტომ, როცა რაღაცაც ვითვლით, იმისთვის რომ ეს ობიექტური იყოს და მართლა განსაზღვროს ესა თუ ის კლინიკა რამდენად ხარისხიანად ემსახურება პაციენტს და გამოსავლები არის კარგი, სწორად უნდა იყოს დათვლილი და გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ფაქტორი. კიდევ უფრო ცუდი, რაც ამ კონკრეტული წერილის მიღმა ჩანს და როგორც პირადი კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებია განხილული. ანუ, ამ წერილის საფუძველი არის მხოლოდ გადაუდებლად შესული პაციენტი. თავისთავად ცხადია, გადაუდებლად შესული პაციენტი უფრო დიდი რისკია" - აცხადებს მახარაშვილი.
მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევები და საყოველთაო დაზღვევის კომპონენტით შეყვანილი პაციენტები, რაც თავისთავად არასწორია და გამორიცხავს რეალური სურათის აღქმას.
"რადგან კომპონენტზეა აქცენტი, გამოდის, რომ მხოლოდ საყოველთაოს ეხება და ეს, იმდენად ანაკუწებს მონაცემს და არარეალურს ხდის, რომ მეთოდოლოგია უბრალოდ არასწორია. ყველა მდგენელს თუ გამორიცხავ, რომელმაც რეალურად უნდა დათვალოს ლეტალობის მაჩვენებელი, ცხადია, ის ვერ ასახავს სრულ სურათს და ვერ იქნება ობიექტური.
იგივე კლინიკა, რომელიც არ იღებს საყოველთაო დაზღვევის პაციენტებს, ეს არ არის მისი სპეციფიკა და მხოლოდ გეგმურ პაციენტებთან მუშაობს, მაგრამ ფორსმაჟორის გამო მოუწია სულ 2 პაციენტი და ამ ორიდან ერთთან დადგა ლეტალობა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამ კლინიკის ლეტალობის მაჩვენებელი 50%-ია? ეს გამორიცხულია. ასე, უბრალოდ არ ითვლება. გათვალისწინებული უნდა იყოს შეწონილი მონაცემები და შემთხვევების ერთობლიობა. როცა რამდენიმე კლინიკას ადარებ ერთმანეთს, აღქმული და გათვალისწინებული უნდა იყოს, სად როგორი პაციენტი მიდის. მე, არ ვამბობ, რომ კლინიკების პოზიცია გაითვალისწინოს ვინმემ. არა, უბრალოდ, როგორც სწორად ითვლება, როგორიც არის ლეტალობის დათვლის საერთაშორისო პრაქტიკა ზუსტად ისე უნდა იყოს დათვლილი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა, რომელ კლინიკაში როგორია ლეტალობის მაჩვენებელი და შესაბამისად, ხარისხიანია თუ არა მომსახურება", - განაცხადა მაია მახარაშვილმა ,,საქმიან დილაში".
მისი თქმით, დათვლის მეთოდოლოგია განსაკუთრებით გამართული უნდა იყოს ამ კომპონენტში, რადგან დიდწილად ლეტალობის მაჩვენებელი განაპირობებს საზოგადოების მხრიდან სანდოობას.
bm.ge- დეტალებთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს და ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.