მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალა ერთობაშია" - EU, IMF, EBRD, EIB, WB, ADB და სხვები საქართველოს დახმარებისთვის მზად არიან

5e8ef5a76fdee
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.20 14:05
3216
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, აქვეყნებს მთავრობისა და საზოგადოებისადმი ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართვას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ორგანიზაციები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ COVID-19-ის მიერ დაზარალებულ ქვეყანას. სრულად გთავაზობთ დიპლომატიური კორპუსის ღია წერილს:

ღია წერილი საქართველოს მთავრობას და ხალხს

COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

მიუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”!

ღია წერილს ხელს აწერენ:

მისი აღმატებულება კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

სელიმ შეკირი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში;

მისი აღმატებულება დიეგო კოლასი
საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;

მაჩიე ჩურა
ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში;

კატარინა ბიორლინ ჰანსენი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი;

მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;

სებასტიან მოლინუსი
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში;

შეინ როზენტალი
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში;

სიუპი ტერავანინტორნი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი - რეგიონი II, გენერალური დირექტორი.