მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძველი ბანკნოტების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას" - მხატრიშვილი

626b8bd5e30e8
BM.GE
29.04.22 14:30
2082
საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი სებ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ აქვეყნებს პოსტს. მხატრიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ფართო ფულის მასის ზრდას ძირითადად საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპი განაპირობებს. ეკონომისტი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ცალკეული ექსპერტები სებ-ს მოუწოდებენ შეამციროს ფულის მასა, ამ დროს სებ-ს ამის მიღწევისთვის მხოლოდ ერთი ბერკეტი აქვს, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში და შესაბამისად, კრედიტების გაძვირებაში აისახება. ხოლო თავად კრედიტების გაძვირებას კი იგივე ექსპერტები აპროტესტებენ, ვინც სებ-ს ფულის მასის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ.

ამასთანავე, შალვა მხატრიშვილი მცდარს უწოდებს განცხადებას თითქოს ბანკომატებში ახალი ბანკნოტების გამოჩენა ფულის მასის ზრდას ნიშნავს, რადგანაც ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს ძველი და გაცვეთილი ბანკნოტების ახლით ჩანაცვლებას და ამას ფულის მასასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

“ფულის მასის თემაზე ბევრი მასალაა ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მეც ბევრგან მისაუბრია (ვიდეო, პოდკასტი, პრეზენტცია, ინტერვიუ, ა.შ.). თუმცა მაინც პერიოდული გაურკვევლობის წყაროა ეს თემა, სავარაუდოდ უნივესტიტეტის პირველი კურსის დამაბნეველი (ზედმეტად გამარტივებული) წიგნების გამო. ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი ფულის ნიშნები იმის დასტურია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი „ჭარბ ფულს ბეჭდავს“ და ამ ახალი ფულის ნიშნებით ფულის მასას ზრდის.

ბანკომატებში რომ ახალი ფულის ნიშნებია, ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია. მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ბანკნოტი დროთა განმავლობაში ცვდება, რის გამოც ხდება მიმოქცევისათვის უვარგისი, მოძველებული ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება და მათი ვარგისი, ახალი ფულის ნიშნებით ჩანაცვლება. უფრო ზოგადად კი, ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ - ანუ იმ სარეზერვო ფულის სანაცვლოდ, რომელიც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჰქონდათ. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ასე მუშაობენ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები.

რაც შეეხება იმას თუ რამდენადაა გაზრდილი ფულის მასა და რა განაპირობებს მას, სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას. რაც შეეხება ფართო ფულად აგრეგატ M2-ს, ანუ ფულის მასის იმ საზომს, რომელიც დეპოზიტების მოცულობასაც უყურებს, ამ საზომით ფართო ფულის მასა მართლაც გაზრდილია. თუმცა, როგორც არაერთხელ განგვიმარტავს სხვადასხვა ფორმით, აღნიშნული ფართო ფულის მასის ზრდა ხდება, უმეტესწილად, საბანკო სესხების შედეგად. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ბერკეტი იმისათვის, რომ ფულის მასის ზრდა შეანელოს მხოლოდ ისაა, რომ საბანკო სესხების გაცემა შეანელოს. ეროვნული ბანკი ამას აკეთებს კიდეც. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ სესხების გაძვირების პოლიტიკას ხშირად ზუსტად ის ექსპერტები აკრიტიკებენ, ვინც ამავდროულად ფულის მასის შეზღუდვას ითხოვს,”- საკუთარ Facebook-ზე წერს მხატრიშვილი.

2022 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 4.4 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.

ფართო ფულის (M2) მოცულობა კი 15.9 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. შესაბამისად, ფართო ფული წლიურად 17%-ით არის გაზრდილი, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული კი 1.7%-ით არის შემცირებული.