„თუ გავზომავთ ფულადი გზავნილებით „მიგრანტების ეფექტი“ სრულად მილეულია“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა „საქმის კურსთან“ განაცხადა.
შალვა მხატრიშვილი ამბობს, რომ სებ-ი „მიგრანტების ეფექტს“ ყოველთვის უყურებდა, როგორც ერთჯერად ფაქტორს, თუმცა 2022 წლის დასაწყისში არ ელოდნენ, რომ ეფექტის გავლენა ასეთი ხანგრძლივი იქნებოდა.
„„მიგრანტების ეფექტს“ ყოველთვის ვუყურებდით, როგორც ერთჯერად ფაქტორს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეროვნული ბანკი, შემოსული უცხოური ვალუტის ნაკადების ფონზე, აგროვებდა რეზერვებს. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში არ ველოდით, რომ „მიგრანტების ეფექტი“ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, თუმცა ის რომ იყო ერთჯერადი ახლაც ჩანს. ფულადი გზავნილები გარკვეულწილად უკვე ნორმალიზდა, რაღაც დონემდე შემცირდა და იმ დონეზე დასტაბილურდა. შეიძლება ვთქვათ, რომ შარშანდელი მაღალი ეკონომიკური ზრდის გარკვეული ნაწილი მიგრანტებსაც უკავშირდებოდა. ეს აღმოიფხვრა და დავინახეთ, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზება, რაც ერთის მხრივ ეკონომიკური აქტივობის შეიძლება ზრდის ტემპის შენელებაში გამოიხატებოდეს, თუმცა შეიძლება ასევე გამოიხატებოდეს ინფლაციაზე დამატებით წნეხის შენელებაში. ამიტომ მას ორი მხარე აქვს“, - ამბობს შალვა მხატრიშვილი.
კითხვაზე - "არის თუ არა სრულად მილეული „მიგრატების ეფექტი“? სებ-ის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ფულადი გზავნილების კომპონენტში ეს ეფექტი სრულად მილეულია.
„თუ გავზომავთ ფულადი გზავნილებით, აქ შეიძლება ვთქვათ, რომ მიგრანტების ეფექტი მილეულია. მეორე ნაწილია ის მიგრანტები, რომელიც რჩებიან ქვეყანაში და აქ ქმნიან დამატებით ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს ის ნაწილი რაც დარჩება აქ და შეიძლება ეს ეფექტი შენარჩუნდეს“, - აცხადებს მხატრიშვილი.