26.აპრილი .2021 16:47

"ელექტროსისტემა" ადასტურებს, რომ პროკურატურას თავად მიმართეს

"ელექტროსისტემა" ადასტურებს, რომ პროკურატურას თავად მიმართეს
views 873
უკან

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" პროკურატურა შევიდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, რაც დაადასტურა კიდეც "საქართველოს პროკურატურამ", "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" განცხადება გაავრცელა, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, რომელიც იკვლევს კომპანიაში საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას.

საგამოძიებო ქმედებების დაწყების საფუძველს თავად სსე-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიმართვა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, სსე არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, პირველ რიგში, თავად სსე-ის ინტერესებში შედის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მომართა სსე-ს შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ მყისიერად გამოიცა შიდა ბრძანება, განისაზღვრა მოთხოვნილი მასალის შეგროვებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტების პროკურატურისთვის სრულად გადაცემა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც გამჭვირვალე, სახელმწიფო ინტერესებზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, მზად არის ყველა სამართლებრივი ხერხი გამოიყენოს, რათა არ შეფერხდეს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობა და დაცული იქნას ქვეყნის ენერგოსტაბილურობა და მდგრადობა", - ნათქვამია "სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა