05.თებერვალი .2020 16:07

"ელიავას ბაზრობის" ერთ-ერთი მეწილე თბილისის მერიას თხოვნით მიმართავს

views 1593
უკან

ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე და ტერიტორიის ნახევრის 7.5 ჰა-ს მესაკუთრე „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფი“ დედაქალაქის მერიის მიერ ბაზრობის არსებულ ადგილზე დატოვებისა და მისი მოდერნიზების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფის“ საზოაგდოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა ჩუბინიძემ განაცხადა, მათთვის სასიხარულო იყო თბილისის მერის მიერ გაჟღერებული განცხადება, თუმცა მერიის ადმინისტრაციასთან ერთი მნიშვნელოვანი თხოვნა აქვთ.

„ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, არ გაიწელოს ეს პროცესი და რაც შეიძლება მალე მოხდეს სამუშაო რეჟიმში გადასვლა, იმიტომ რომ რიგ საკითხებზე შეთანხმება თუ წლობით გაგრძელდა, ის რაც ქალაქს აწუხებს - ელიავას ბაზრობის იერსახე, ეს ისევ ასე დარჩება. ვფიქრობთ, რომ ეს არავის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, ელიავას ბაზრობის წილის მფლობელი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას მერიასთან და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების შედეგად, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელიავას ბაზრობის შემდგომ მოდერნიზებასთან დაკავშირებით.

„დაახლოებით, 2 წლის წინ დავიწყეთ შეხვედრები მერიის ახალ ადმინისტრაციასთან და რამდენიმე პროექტი წარვუდგინეთ. ტერიტორიის მესაკუთრეებიც დაინტერესებულები არიან, დღეს არსებული არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გააუმჯობესონ და მოვიდეს აქაურობა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში.

დღეს პირველად გაახმოვანა ქალაქის მერმა გადაწყვეტილება, რომ ელიავას ბაზრობა რჩება არსებულ ლოკაციაზე და აქ მოხდება მისი შემდგომი განვითარება, რასაც მივესალმებით და მოხარულები ვართ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად, დღეს ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა და ელიავას ბაზრობა წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზონას ქალაქში, სადაც ათასობით ადამიანია დასაქმებული.

ჩვენ ვეთანხმებით სრულად მერის პოზიციას, რომ დასაქმებულების თემით მანიპულირება არ მოხდება, სრულად იქნება გათვალისწინებული მათი ინტერესები და არ შეეშლებათ ხელი თავისი საქმიანობის განხორციელებაში, ისე წარიმართება პროცესი. ჩვენ სამუშაო პროცესს ისე დავგეგმავთ რომ მაქსიმალურად, ეს ადამიანები არ დაზარალდნენ“, - განაცხადა თეა ჩუბინიძემ.

კითხვაზე - აიკრძალება თუ არა მეორადი და აალებადი საქონლის რეალიზაცია (ზეთები, საბურავები, ჯართი), „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, რომ ეს საკითხები, სავარაუდოდ, შემდგომი შეხვედრების დღის წესრიგში შევა და კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში.

„ეს კონკრეტიკა შემდგომი შეხვედრების თემა იქნება, როდესაც მერია განსაზღვრავს და მისცემს მესაკუთრეებს ძირითად მიმართულებებს და რაღაც ჩარჩოს დაუწესებს, რის მიხედვითაც უნდა შეადგინონ მათ განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვადასტურებთ, რომ მეორადი ავტონაწილების ბაზრობა აუცილებლად უნდა მოვიდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ეს უკვე მოლაპარაკებების თემაა“, - განაცხადა თეა ჩუბინიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა